პაატა ზაქარეიშვილი – ღმერთმა გვაჩუქა ადგილობრივი არჩევნები, ძალიან რეგვენი უნდა იყო, ვერ ხვდებოდე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები დღევანდელ ვითარებაში – ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ერთმანეთს დაუთმოს ქალაქები, კოორდინაცია უნდა მოხდეს

ვინაიდან კითხვები არის ბევრი და გიორგი გახარიას ყურამდე მიდის, აუცილებელი არ არის კომისიაზე მისვლა, უნდა გამოვიდეს ეთერში და ამ ყველაფერს გასცეს პასუხი ყოველგვარი წულუკიანის კომისიის გარეშე, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ზაქარეიშვილის შეფასებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ადამიანების შეურაცხყოფისთვის არის მომართული და ძნელია, იქ ადამიანმა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.
„ბევრი ფიგურა მუშაობს იმაზე, დაადასტუროს, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ამ ფონზე გიორგი გახარიას მისვლას ამ პარლამენტში რა აზრი აქვს?.. ვინაიდან კითხვები არის ბევრი და გახარიას ყურამდე მიდის, აუცილებელი არ არის კომისიაზე მისვლა, უნდა გამოვიდეს ეთერში და ამ ყველაფერს გასცეს პასუხი ყოველგვარი წულუკიანის კომისიის გარეშე – ეს უფრო მნიშვნელოვანია, უფრო დამაჯერებელი და უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე კომისიაზე მისვლა. ამ დროს არსებობს პროკურატურა, უამრავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმა არსებობს.
თუ მას რამის თქმა უნდა, შეუძლია გააკეთოს ეს კომისიის გარეშე. კომისია არის ძალიან შეურაცხმყოფელი, ვინც იქ მიდის, დამამცირებელ ფორმებში არის. ან მაგიდა უნდა აუყირაო იქ ადამიანებს ან შეურაცხყოფა უნდა აიტანო. ეს კომისია არ არის მომართული ადამიანის პატივისცემის კონტექსტში, დამცირების კონტექსტშია, ამიტომ ძალიან რთულია იქ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, უტიფარი დამოკიდებულებით შენი სიმართლე დაიცვა.
ისევ და ისევ, (გიორგი გახარია) პოლიტიკოსია, მოდის, იმედია, გახარია მაინც მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, ამიტომ, ის მუშაობს თავის ამომრჩეველზე. მას თავისი 9% ამომრჩეველი ურჩევნია, ვიდრე 90%-ს უთხრას, რასაც ისინი ელოდებიან, მაგრამ ხმები არ მიიღოს და ეს 9%-ის დაკარგოს.
დღეს „ქართული ოცნება” როდიონოვივით კი არ იქცევა, როდიონოვზე უარესად იქცევა და უარესად იქცეოდა, როცა არბევდა, დღეს რომ თავი მოაქვთ და ჩვენ რომ გვაბრალებენ. როდიონოვი რუსი იყო, იმპერიალისტი იყო და მას ქართველის განადგურება გენებში ჰქონდა. როცა ქართველი განადგურებს შენ, როცა „ქართული ოცნება“ გახდა როდიონოვი, ის როდიონოვზე უარესია და კეთილი ვინებოთ და ეს ბოლშევიზმი მოვიცილოთ თავიდან. ადგილობრივი არჩევნები მოდის და რატომ არ შეიძლება პოლიტიკური პატიმრების საკითხი მივაბათ არა არარსებულ საპარლამენტო არჩევნებს, არამედ არსებულ მომავალ ადგილობრივ არჩევნებს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ოპოზიციამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.
„ქართული ოცნება“ თუ წამსვლელია ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, მას დაამთხვევს ადგილობრივ არჩევნებს, ხარჯი ხარჯია მაინც, თანაც დააბნევს ამომრჩეველს, დააბნევს ოპოზიციას. „ქართულ ოცნებას“ კატასტროფულად სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა კონსტიტუციიდან ამოიღოს ნატო და ევროკავშირი, ამიტომ თუ ის წამსვლელია რამე ნაბიჯზე, რათა დაუშვას საპარლამენტო არჩევნებიც, ეს მოხდება ადგილობრივი არჩევნების დღეს. თუ გავივლით, მერე შეიძლება კახი კახიშვილის მოსაზრება იყოს რელევანტური 2026 წლისთვის, მაგრამ 2026 წლის შემდეგ ორი წელი რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე და რატომ დასჭირდება. ეს თემა შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი არჩევნები ჩაივლის, როგორ ჩაივლის, საზოგადოება როგორ მიიღებს.
ოპოზიციას შანსები საპარლამენტო მინიმალური ექნება, მაგრამ შანსები ექნება, დიდი ქალაქები მოიგოს. როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მოიგო ადგილობრივი არჩევნები და მერიც კი არ იყო, საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მიუხედავად ამისა, მან ტრამპლინით გამოიყენა შემდეგ. წესით, ადგილობრივი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია.
ღმერთმა გვაჩუქა ადგილობრივი არჩევნები, ძალიან რეგვენი უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნები დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვიდრე არარსებული, მოთხოვნილი ახალი არჩევნები იმიტომ, რომ აქ 5-6 ობიექტი გაქვს, სადაც შანსები გამარჯვებისა საკმაოდ მაღალია. ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ერთმანეთს დაუთმოს ქალაქები. უნდა შეთანხმდნენ, კოორდინაცია უნდა მოხდეს, ერთი სია პირიქით – დაანგრევს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.