გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, რუსეთში დიდი ხანია არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
„კატეგორიულად გირჩევთ, არ გაემგზავროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ, თუ ეს მოგზაურობა აბსოლუტურად აუცილებელი არ არის”, – აღნიშნა ბუშმანმა.
მისი თქმით, არ შეიძლება შიშის უგულებელყოფა, რომ კრემლის მმართველმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო მეტი უცხოელი დაიჭიროს, რათა კიდევ მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს.
პატიმართა ბოლოდროინდელი გაცვლის ფაქტის კომენტირებისას ბუშმანმა აღნიშნა, რომ ბოლო მომენტამდე მას ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთის ფედერაცია შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებდა.
გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ხშირად იყენებს შხამს „პირდაპირ ან ირიბად ადამიანების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მისაყენებლად.
“ყველაზე მეტად მაღელვებდა ის, რომ რუსეთს არ მოეწამლა ისინი გაფრენის წინ, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მომენტისთვის ვიცით, მადლობა ღმერთს, ეს ასე არ არის”, – დასძინა ბუშმანმა.
შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ – აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში. გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული – გერმანიას, სამი დაკავებული – აშშ-ს.