თბილისის პირველი, მე-17, 28-ე და 38-ე ბაღების დირექტორებს თანამდებობა დაატოვებინეს, მათ ნაცვლად კი მოვალეობას მათი მოადგილეები ასრულებენ. თბილისის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაწყებულია კომპლექსური მონიტორინგის პროცესი.
„რამდენიმე ბაღში გამოვლენილმა დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცესს. შესაბამისად, გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი“, – ამბობენ სააგენტოში.
დამატებით, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება.
20 მარტს რადიო თავისუფლებამ რამდენიმე საბავშვო ბაღის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ რეორგანიზაციის პროცესი იწყებოდა.
თბილისის მერიასა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მერმა კახა კალაძემ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიცაა, მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიწყო.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
„ქართული ოცნება“დემონსტრაციების პარალელურად ამკაცრებს კანონებს – შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი.
უშუალოდ თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყეს – პირველ ეტაპზე სამსახურიდან დაითხოვეს პრესსამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე.
თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც პეტიციაზე ხელმოწერით გმობდნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით ქვეყნის ევროინტეგრაცია ჩერდებოდა.
ფორუმი
