შალვა პაპუაშვილი მიხაელ გალერის განცხადებაზე – საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო

საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გერმანელი ევროპარლამენტარის მიხაელ გალერის განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
როგორც ის აღნიშნავს, რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი.
,,საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.
ინფორმაციისთვის, შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ევროკავშირის ქვეყნების საპასუხო ზომებზე. ამ კონტექსტში მან ახსენა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და განაცხადა: “თუ არ მეშლება, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”.