„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკო-ს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც „არსებითად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას”.
საუბარია ცვლილებებზე, რომელიც „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში შევიდა.
„სამართლიანი არჩევნები” ცესკო-ს მოუწოდებს, რომ გააუქმოს დადგენილებით „მიღებული პრობლემური ცვლილებები“.
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცესკო-ს მიერ შეტანილი ცვლილებებით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა. ასეთ აკრძალვას საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს, რითაც ეს ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. „კარუსელის” სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება.
4 აპრილს „სამართლიანმა არჩევნებმა” სადავო დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 8 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
„სამართლიანი არჩევნები” ცესკო-ს მოუწოდებს, რომ გააუქმოს დადგენილებით მიღებული პრობლემური ცვლილებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
