“ეს 9 აპრილს დაღუპულთა საფლავებზე დაფურთხებაა” – ლორთქიფანიძე პაპუაშვილის განცხადებაზე

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი, ძალიან, ძალიან ბევრი უცენზურო, უწმაწური, შეურაცხმყოფელი სიტყვა და გამონათქვამი ვიცი… ჩემი მოზარდობა ასეთ ეპოქას დაემთხვა. შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებსაც მთლად ალენ გინსბურგივით არა, მაგრამ გინება ხელოვნების დარგად ჰქონდათ გადაქცეული. არც გინება მიყვარს, არც ბილწსიტყვაობა… მითუმეტეს საჯაროდ… აღზრდამ დამიხსნა.
უბრალოდ, ახლა ვზივარ სახლში და ვფიქრობ, რომელი შეკურთხება იქნებოდა ბ-ნი პაპუაშვილის გასალანძღად ადეკვატური, სამართლიანი, ზუსტი. სამწუხაროდ, ჩემი პასიური, მაგრამ უმდიდრესი ლექსიკონი უძლურია! არის შალვა პაპუაშვილი. მივმართავ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, მომხრეებს! კარგად მომისმინეთ და მიპასუხეთ! როდიონოვის ჯარისკაცები, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით უმტვრევდნენ თავყბას თამუნას, ქ-ნ მზიას, და თუნდაც ლიბერალური მიმართულების ენჯეოს 20-22 წლის აქტივისტები, რომლებიც ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ მიტინგებზე, ერთი და იგივენი არიან? ერთნაირად დაუნდობლები არიან? ორივენი თანაბარზომად დანაშაულს ჩადიან?! როდიონოვის ჯარისკაცები, რომლებმაც ალყაში მოაქციეს და ცხვირ-პირში გაზი შეუშხაპუნეს ორსულ პროტესტანტებს, და მეექვსე გერმანული სკოლის მარშის მონაწილეები, რომელთაც ევროპული კულტურისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად გერმანიის დროშაც გამოიტანეს მიტინგზე, ერთი და იგივენი არიან? ერთნაირად დაუნდობლები არიან? ორივენი დანაშაულს ჩადიან?! ს არმიის ჯარისკაცები, რომლებმაც ჩაცხრილეს, დახვრიტეს, გაგუდეს და გაჭყლიტეს პატარა გოგო-ბიჭები, და საზმაუს მარშის მონაწილენი (ვიცნობ ერთ უსაყვარლეს ქალს უკრაინის დროშით და პატარა გოგოს ევროკავშირის ჟაკეტით) ერთნაირი დაუნდობლობით ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას?! ვინც შალვა პაპუაშვილის ეს ტექსტი წაიკითხეთ და არ შეაცვლევინეთ მისი გამოქვეყნების გადაწყვეტილება, ვინც ეს ტექსტი წაიკითხეთ და აღფრთოვანდით, ვინც ეს ტექსტი წაიკითხეთ და მაინც გსურთ ამ კაცისთვის რაიმე სახელმწიფო თანამდებობის ჩაბარება, თქვენ თვითონაც შალვა პაპუაშვილები ხართ! რაღაცას საზღვარი აქვს! სადღაც უნდა გაჩერდე! რაღაც არ უნდა იკადრო, სულ რომ შალვა პაპუაშვილი იყო… ეს განცხადება არის 9 აპრილს დაღუპულთა საფლავებზე დაფურთხება და როდიონოვის საფლავზე არშიებიანი გვირგვინის მიტანა (თუმცა თემურ ლეგს ხომ მიუტანეს).
ასეთი განცხადებების მიმართ გულგრილობა ღალატია.