კობახიძის თქმით “დიპ სტეიტი” და საბჭოთა “კაგებე” ერთი მეთოდებით მოქმედებენ

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, დღეს 9 აპრილს სამების ტაძართან მედიასთან გაკეთებულ კომენტარში დააკონკრეტა რას გულისხმობდა მანამდე გავრცელებულ ფეისბუკპოსტში. კობახიძე პოსტში არ ახსენებდა რუსეთს და წერდა რომ დღესაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე.
“მე აქცენტი მქონდა პარალელზე – 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს “დიპ სტეიტი”, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე 36 წლის წინ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა კაგებე. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა კაგებეს მეთოდებით მოქმედებს “დიპ სტეიტი”, რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, ეს უნდა დასრულდეს ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოლიტიკა მომავალშიც”, – თქვა მ.
მისი თქმით, საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი.
ირაკლი კობახიძე, სადავო პარლამენტის და ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები, დღეს რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან არ მისულან.
მოგვიანებით სამების ტაძართან გაკეთებულ კომენტარში მან განმარტა, რომ “გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად, ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით”.
მისი განცხადების ფონია აქციების დროს დაკავებულთა, როგორც მათ პროდასავლური დემონსტრაციების მონაწილეები მიიჩნევენ “სინდისის პატიმრების” ოჯახის წევრებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან. მათ ღამე რუსთაველზე გაათენეს და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.
ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება “ოცნების” მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკებებისას; საჯარო მოხელეები დემონსტრანტებს მართულებად და არეულობის მოსურნეებად მიიჩნევენ, აქციის მონაწილეები კი საჯარო მოხელეების ქმედებებს და მათთვის ნათქვამ ფრაზებს შეურაცხმყოფელ პროვოკაციად აღიქვამენ.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
სამთავრობო პროპაგანდაში გამოიყენება სამი ტერმინი: „გლობალური ომის პარტია“, „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“. ეს გამოთქმა, ქართულად – „ღრმა სახელმწიფო“, ამერიკული პოლიტიკის ლექსიკონში პირადად ტრამპმა შემოიტანა, თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოანისგან ისესხა. „ერდოანის შემთხვევაში გამოთქმას „დიპ სტეიტი“ რეალური მნიშვნელობა ჰქონდა. ტრამპი ასევე პოპულისტი ლიდერია, რომელიც არსებულ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და სასამართლო სისტემაში ოპონენტს ხედავს. არც ის არის ამაში მტყუანი: საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს შორის მას ბევრი ეწინააღმდეგება. ამიტომ ის სახელმწიფო ბიუროკრატიის სისტემის ძირფესვიან რეფორმას გეგმავს, რომელსაც ცნობილი ილონ მასკი უნდა ჩაუდგეს სათავეში. რა კავშირშია ეს „დიპ სტეიტთან“, რომელზეც „ოცნების“ პროპაგანდისტები გველაპარაკებიან? არავითარში. მათი „ტრიუკი“ პრიმიტიულია: ვიცით, რომ ტრამპისთვის „დიპ სტეიტი“ ცუდი სიტყვაა. ამიტომ ვთქვათ, რომ „დიპ სტეიტი“ ჩვენც გვემტერება – იქნებ მისი გული მოვიგოთ“, – წერს გია ნოდია რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებულ ბლოგში: „რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“?
ფორუმი