“ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიანიშნებს, რომ რუსთაველის გამზირზე მემორიალთან მისვლას არ აპირებს.
“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს.
დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას.
ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე 9 აპრილზე პასუხისმგებლად აცხადებს უცხოურ ძალას და არ ახსენებს კრემლს.
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მეორე დღეა რჩებიან პოლიტპატიმრების მშობლები და და მათი მხარდამჭერები. დილიდან იქ სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა მას შემდეგ, რაც იქ მივიდნენ ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაცია და გლდანის მაჟორიტარი კოსტა ზარნაძე. მათ გამოჩენამდე მემორიალთან “ოცნების” მხარდამჭერებიც მივიდნენ.
