კობახიძე 9 აპრილზე პოსტში რუსეთს არ ახსენებს და ამბობს, რომ დღესაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე

ირაკლი 9 აპრილზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც არ ახსენებს რუსეთს, როგორც მოძალადეს და ამბობს, რომ დღესაც, ისევე როგორც 36 წლის წინათ, უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე.
მისი ტექსტის ფონია აქციების დროს დაკავებულთა, პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა ოჯახის წევრების და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან. მათ ღამე რუსთაველზე გაათენეს და ცდილობენ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცენ. რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება “ოცნების” მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკებებისას; საჯარო მოხელეები დემონსტრანტებს მართულებად და არეულობის მოსურნეებად მიიჩნევენ, აქციის მონაწილეები კი საჯარო მოხელეების ქმედებებს და მათთვის ნათქვამ ფრაზებს შეურაცხმყოფელ პროვოკაციად აღიქვამენ.
“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. […]
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს.
დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა”, – წერია კობახიძის ტექსტში.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ ახლაც გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.
ფორუმი