ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირთან მიმდინარე დიალოგის ფარგლებში, სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არმენ კაზარიანმა 7 აპრილს მიიღო ევროკავშირის მეორე ექსპერტული მისია.
როგორც „არმენპრესი“ წერს შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დარგობრივი ექსპერტები, ასევე ევროკომისიისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
“სამართალდამცავი ინსტიტუტების ცივილურ მოდელზე გადასვლა, პოლიციის ფუნქციების ცენტრალიზაცია, ძალის გამოყენების ახალი სტანდარტის დანერგვა და დანაშაულის პრევენციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება – ეს ის ძირითადი რეფორმებია, რომლებიც სომხეთმა ევროკავშირის პარტნიორებს წარუდგინა”.
სომხეთის შსს-ს ცნობით, “არმენ კაზარიანმა წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც შეეხებოდა პოლიციის ფუნქციების ცენტრალიზაციას, ახალი ფუნქციური მოდელის დანერგვას, სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლას, ძალის გამოყენების ახალი სტანდარტის დანერგვას, ასევე სხვა სამიზნე სფეროებში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს”.
ოფიციალური ცნობითვე, 7-დან 11 აპრილამდე ევროკავშირის მისიის ექსპერტები განახორციელებენ სომხეთის მზადყოფნის ზოგად შეფასებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში.
“ეს დაეხმარება რეფორმების დაგეგმარებას ევროპის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე ვიზის რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივების გათვალისწინებით”.
ვიზტის ფარგლებში, ოფიციალური ცნობითვე, ექსპერტები შეხვედრებს გამართავენ სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებთანაც.
26 მარტს სომხეთის პარლამენტში (სადაც 107 ადგილია) მმართველი გუნდის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტის მეორე მოსმენას. ამასთან, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს ერევნის გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად დაწყებას, რადგან საკითხის განხილვა რეფერენდუმზე უნდა მოხდეს. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საზოგადოებრივი ინიციატივის შედეგია და მას საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები დაუგროვდა. მიუხედავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობისა და რუსეთის ტრადიციული გავლენის, ერევანი ცდილობს ერთგვარი ბალანსის შენარჩუნებას: ერთის მხრივ – მოსკოვთან სტრატეგიული კავშირი, მეორეს მხრივ – ევროკავშირთან დაახლოება და რეფორმების ღრმა ტრანსფორმაცია.
