ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ილონ მასკმა, 7 აპრილს X-ზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფებთან დასაპირისპირებლად ლიბერტარიანელი და კონსერვატორი ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის, ცნობილი ვიდეო გამოიყენა.
Tesla-სა და SpaceX-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვიდეოს პოსტის აღწერაში კომენტარი არ გაუკეთებია. აღნიშნულ ვიდეოში ფრიდმანი, რომელიც 2006-ში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, განმარტავს, თუ როგორ მუშაობს გლობალური მიწოდების ჯაჭვები, რათა ფანქარი სწრაფად და იაფად შეიქმნას.
“არ არსებობს ერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც ამ ფანქრის შექმნა შეუძლია. გასაოცარი განაცხადია ეს? სულაც არა. სულაც არა. ხე, რომლისგანაც ის [ფანქარი] მზადდება, რამდენადაც ვიცი, ვაშინგტონის შტატში მოჭრილი ხისგან მიიღება. ამ ხის მოჭრას ხერხი დასჭირდა. ხერხის დასამზადებლად, ფოლადი იყო საჭირო, ფოლადისთვის – რკინის მადანი”. – ამბობს ვიდეოს დასაწყისში ფრიდმანი.
ვიდეოში ფრიდმანი ამატებს, რომ ფანქრისთვის საჭირო გრაფიტი, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკიდან მოდის, ხოლო საშლელისთვის საჭირო რეზინი “მალაიიდან, სადაც რეზინი მშობლიურიც კი არ არის. იგი სამხრეთ ამერიკიდან რომელიღაც ბიზნესმენის მიერ არის იმპორტირებული, ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით”.
“ეს თითბრის რგოლი, მცირედი წარმოდგენაც კი არ მაქვს, საიდან მოვიდა ან ყვითელი საღებავი, ან საღებავი, რომლითაც შავი ხაზები გააკეთეს ან წებო, რომელიც მას აერთიანებს”. – ამატებს ის.
“რეალურად, ათასობით ადამიანის თანამშრომლობა იყო საჭირო ამ ფანქრის შექმნისთვის. ადამიანები, რომლებიც საერთო ენაზე არ საუბრობენ, განსხვავებული რელიგია აქვთ, რომლებსაც შესაძლოა, ერთმანეთი შესძულდეთ, ოდესმე რომ შეხვდნენ. როდესაც მაღაზიაში ჩადიხარ და ამ ფანქარს ყიდულობ, ფაქტობრივად, შენ ცვლი შენი დროის რამდენიმე წუთს იმ ათასობით ადამიანის თითოეული რამდენიმე წამზე.
რამ გააერთიანა ისინი და უბიძგა მათ, ამ ფანქრის შესაქმნელად ეთანამშრომლათ? არ ყოფილა კომისარი, რომელიც რაიმე ცენტრალური ოფისიდან ბრძანებებს გასცემდა. ეს ფასთა სისტემის მაგია იყო. პიროვნების გარეშე ფასების მოქმედებამ, რომელმაც ისინი გააერთიანა, თანამშრომლობაში ჩართო ამ ფანქრის დასამზადებლად იმისთვის, რომ შენ უმნიშვნელო ფასად გქონოდა. ამიტომ არის თავისუფალი ბაზრის მუშაობა გადამწყვეტი მნიშვნელობის, არა მხოლოდ პროდუქტიული ეფექტიანობის წასახალისებლად, არამედ უფრო მეტიც, მსოფლიოს ხალხებს შორის ჰარმონიისა და მშვიდობის ხელშესაწყობად”. – განმარტავს ფრიდმანი.
tabula.ge
