საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ მიუთითებს, რომ არ არსებობს სურვილი თავი დააღწიონ ძველ მიდგომებს, რომლებიც დიდი ხანია ვერ შეესაბამება არსებულ რეალობას, – ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია.
მათი მტკიცებით, საქართველოსთან შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელია „კეთილმეზობლობისა“ და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
„აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დეკლარაციების ნაცვლად, ვისურვებდით, ვიხილოთ საქართველოს მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიება, რომელიც შექმნის მშვიდობიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ რეგიონში სტაბილურობას ხელს შეუწყობს „აფხაზეთის რესპუბლიკასა“ და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება და ასევე კომუნიკაციების გახსნა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
