“ირაკლი კობახიძეს კაბინეტში, ცენტრალურ ადგილზე, ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ერეკლე მეორეს ნახატი დაუკიდებია. გვერდითა კედელზე თვალი მოვკარი დავით აღმაშენებლის ფრესკას. ანუ, ერეკლეს ვაყენებთ ილიაზე და აღმაშენებელზე წინო. ნორმალურ პირობებში ეს გემოვნების საკითხი იქნებოდა, მაგრამ!
აქ არ შევუდგები ერეკლეს გარჩევას, არც გიორგიევსკის ტრაქტატისას. აქ მთავარი ის არის, რომ პრორუსები ერეკლეს სახავენ, როგორც პრორუსს და “პრემიერის” კაბინეტში ცენტრალურ ადგილზე მისი ნახატის გამოკიდება, ნაცვლად ილიას და აღმაშენებლის გამოსახულებებისა, გვეუბნება თუ რას ამბობს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ იდენტობაზე ქართული ოცნება. ეს არის მათი გზავნილი რუსეთისადმი – ვაღიარებთ გიორგიევსკის ტრაქტატის პრინციპებს, საგარეო პოლიტიკა თქვენიაო. ამაზე რამეს იტყვის პატრიოტი ქართველი და ქოცი შემოგიბრუნდება, ერეკლეზე რას ამბობ, შე უსამშობლოო.
არადა, რა ტრაგიკული ამბავია, ერეკლეზე “ანტიქოცი” მონარქი ისტორიაში ბევრი არ გვყოლია. 1768 წელს, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, ოსმალები ერეკლეს ეუბნებოდნენ, შენ არაფერს გერჩით, არ ჩაერიო ამ ამბავში, თორე პრობლემები გექნებაო. თან, რუსები არაფრის გარანტიას არ აძლევდნენ ერეკლეს. გენერალი ტოტლებენი გამოუგზავნეს ერთი ბატალიონით და უხეირო არტილერიით. ტოტლებენმა ოსმალთა წინააღმდეგ ბევრი არაფერი ქნა, შეატოვა ერეკლე ოსმალებს ასპინძის ბრძოლაში და თვითონ მისთვის სამეფოს წასართმევად წავიდა. ერეკლეს დაჟინებული ქონდა, მეორე ფრონტი უნდა გავუხსნა ოსმალებს და სამცხე-საათაბაგო დავიბრუნოო. არაფერი ამ საქმისგან არ გამოვიდა.
მერე იყო და სპარსეთის აღა მაჰმად ხანი ეხვეწებოდა, დაანებე ამ რუსეთს თავი, მოვრიგდეთო. არც ეგ ქნა და ეს ამბავი კრწანისის ბრძოლა-ტრაგედიით დასრულდა, რომელშიც რუსებმა კიდევ ერთხელ შეატოვეს ერეკლე მტერს.
მოკლედ, ამ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე ომი და მეორე ფრონტი უნდოდა. რანაირად გახდა ქოცური კაპიტულანტური პაციფიზმის სიმბოლო უფალმა უწყის.
გიორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს დაიდო, რომლითაც ერეკლეს ქართლ-კახეთს საგარეო პოლიტიკაზე სუვერენიტეტი ჩამოერთვა, მაგრამ ერეკლემ ეს ამბავი არად ჩააგდო და სიცოცხლის ბოლომდე დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. არასდროს გამხდარა ის რუსების მარიონეტი.
ამიტომ, სად ერეკლე და სად ირაკლი კობახიძეო, აშკარად დამებადა ეს კითხვა.
ზეგიდან ვიწყებ პოდკასტს, რომელშიც ყოველკვირეულად ვისაუბრებ პოლიტიკოსების მიერ ისტორიის უნაირო და მავნებლურ გამოყენებაზე. ამაზე უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით დავწერ,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე.