პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, „ოცნების“ყველა წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით. ისინი ისტორიაში შესულები არიან როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტრები და ასე იქნება მომავალშიც,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა PACE-სთან დაკავშირებით.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოს ებრძვის ივანიშვილის ბანდა, რომელიც საქართველოში ყველაფერს ანადგურებს.
„პაპუაშვილი იქნება, თუ წულუკიანი, “ოცნების”ყველა წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით. თურმე, სახელმწიფო, სადაც პენსიები არ გაიცემოდა და ხალხი სიღარიბეში იყო, გადაიქცა პერსპექტიულ სახელმწიფოდ, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
თურმე, ეს ყველაფერი არის ისეთი სისტემა, რომელიც ევროპისთვის უნდა იყოს სამაგალითოდ ცუდი, მაგრამ პირიქით, ეს არის კარგი. რაც არ უნდა რუსული პროპაგანდისტული რუსული კლიშეებით იმეოროს ამ ხალხმა რუსული ნარატივი, უნდა გაიგონ, რომ ისტორიაში სხვანაირად ჩაიწერება ეს ყველაფერი და ევროპაშიც სხვანაირად იქნება აღქმული.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ ებრძვის საქართველოს, საქართველოს ებრძვის ივანიშვილის ბანდა, რომელიც საქართველოში ანადგურებს ყველაფერს. როდესაც კრძალავ ოპოზიციურ პარტიებს, აწამებ ადამიანებს, აჩერებ ევროინტეგრაციის პროცესს, შეუძლებელია გაკეთდეს პოზიტიური განცხადებები და გადაიდგას პოზიტიური ნაბიჯები. ეს იქნება საკუთარი თავის უპატივცემულობა ევროპის მხრიდან. ამას, რა თქმა უნდა, არ იზამენ ევროპელები. უნდა შეეგუონ ივანიშვილის ბანდის წევრები, რომ ისინი შესულები არიან ისტორიაში როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები და ზოგადად ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტრები, ასე იქნებიან მომავალშიც”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ PACE-ს სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია გასაკვირი არ არის.
