ქეთი ქურდოვანიძე: მინდა მივმართო დოდო გუგეშაშვილს, რომელიც თავის ისედაც სამარცხვინო ბიოგრაფიას ჰომოფობიური განცხადებებით ამდიდრებს

“არაფერი ისე არ მოქმედებს ჩემზე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. ალბათ იმიტომ, რომ მეც მაქვს ის ემოციური გამოცდილება, რასაც ამ დროს სახლში ჩაკეტილი უმწეო ადამიანი განიცდის. მეტიც, იქ, აბაშაში, ესაკიების ოჯახში, Nana Esakia მე, ნანა, ნანას დედა -გრიალა ( ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი) ველოდებოდით, როდის მოხვდებოდა შევარდნაძის კრიმინალური ბანდების ნასროლი ბომბი ჩვენს სახლს. მთელი ღამე ე.წ. “გრადებით” იბომბებოდა სამტრედია -აბაშის ტერიტორია. დილით სუები გამოჩნდნენ, რამდენიმე ბომბიც ჩამოაგდეს. ნანამ მანქანა გამოიყვანა, რაც ხელში მოგვხვდა, ჩავდეთ, ჩავსვით დაობლებული დათვის ბელი, რომელიც ჯარისკაცებმა წინა დღეებში მოიყვანეს და ნანას ჩააბარეს, და ტყეს შევაფარეთ თავი. ის ღამე მონადირის ქოხში გავატარეთ, თივაზე გვეძინა. მეორე დღეს თბილისიდან ნანას დეიდაშვილმა ჩამოგვაკითხა, პასპორტები გამოგვართვა, რომ გზაში მხედრიონელებს არ დავეხოცეთ, გაგვაფრთხილა, რომ თუ რამეს გვკითხავდნენ, გვეთქვა, დან ლტოლვილები ვართო. მეორე დღეს გავიგეთ, რომ იმ მონადირის ქოხს, სადაც წინა ღამეს გვეძინა, ბომბი მოხვდა და დაიწვა.
ახლა აქედან მინდა მივმართო დოდო გუგეშაშვილს, რომელიც თავის ისედაც სამარცხვინო ბიოგრაფიას ჰომოფობიური განცხადებებით ამდიდრებს:
”რას მაქნევდით, რა გინდოდათ,
ერთმანეთსა რითა ვგვანდით?
თქვენ მორჭმულნი თამაშობდით,
ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით”
ან ახლა რა გინდათ, რას გვერჩით, რა დაგიშავეთ? რატომ არ გვაძლევთ ამ ქვეყანაში ადამიანურად ცხოვრების საშუალებას?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე .

ასევე დაგაინტერესებთ