„წადი“ – „კამარა ჰესზე” სიონში ადგილობრივებთან შეხვედრა ჩაიშალა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში „კამარა ჰესის“ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივის შეხვედრა ჩაიშალა.
როგორც ადგილზე მყოფი „მთის ამბების“ პირდაპირი ეთერიდან ვიგებთ, მოქალაქეებმა არ ისურვეს პროექტის განხილვა და სკანდირებდნენ „წადი“. ადგილზე მრავლად იყვნენ სამართალდამცავებიც.
როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, შოთა ბუჩუკურმა უთხრა „ნეტგაზეთს“, კომპანიასთან არაფერია განსახილველი, ვინაიდან ადგილობრივების პრინციპული პოზიცია ახლაც და მომავალშიც იმაში მდგომარეობს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მშენებლობის შედეგად ძალიან დაზარალდება გარემო.
ადგილობრივებისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა გუშინ, 20 დეკემბერს, ასევე უშედეგოდ წარიმართა.
პირველად არ ხდება, რომ მოხევეები “კამარა ჰესის” აშენებას ეწინააღმდეგებიან, ჰესის პროექტისა და მიმდინარე პროცესების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ.
ხევის მოსახლეობასთან სკოპინგის ანგარიშის განსახილველად შეხვედრები ერთხელ უკვე ჩაიშალა სექტემბერში. ნოემბერში დაგეგმილი შეხვედრები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.
მდინარე თერგზე 16,62 მგვტ სიმძლავრის „კამარა ჰესის“ ან სხვა ჰესების მშენებლობას ადგილობრივები საკმაო ხანია ეწინააღმდეგებიან.
ამავე თემაზე