არჩილ თალაკვაძე – მსჯავრდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების სტრუქტურები იღებენ – ოპოზიცია ცდილობს, პარტნიორებს შეუქმნან განცდა, თითქოს პატიმრების გადაყვანა არის პოლიტიკური განხილვის საგანი

მსჯავრდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების ის სტრუქტურები იღებენ, ვინც პატიმრობაში მყოფი ადამიანის უფლებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები – ასეთი განცხადებები შემთხვევითი არ არის! – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე პარტია “საქართველოსთვის“ წევრების მოთხოვნას.
“ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს განცდა შეუქმნან, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა არის პოლიტიკური განხილვის საგანი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მოწოდებების დონეზე ხდება, რაც ზიანს აყენებს ქვეყანას და ასეთი განცხადებების მიზანიც ეს არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.
დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს