აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოვლისმომცველი ტარიფები დააწესა, რაც გლობალური სავაჭრო ომის გამოცხადებად შეფასდა.
შეერთებული შტატები აწესებს უნივერსალურ 10%-იან ტარიფს ყველა იმპორტზე ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. გამონაკლისია მექსიკას, კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის (USMCA) შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქცია. შეერთებულმა შტატებმა ამ წლის დასაწყისში უკვე დააწესა 25%-იანი ტარიფი ორივე ქვეყნიდან USMCA-ს მიღმა დარჩენილ იმპორტზე, ხოლო კანადურ ენერგიასა და პოტაშზე — 10%-იანი განაკვეთი.
უფრო მაღალი, ტრამპის თქმით „საპასუხო“ ტარიფები დაუწესდა იმ ქვეყნებს, რომლებიც, პრეზიდენტის აზრით, არაკეთილსინდისიერნი არიან აშშ-სთან ორმხრივ ვაჭრობაში.
კერძოდ, ყველაზე მაღალი, 50%-მდე ტარიფები დაუწესა ტრამპმა ლესოტოს, ლაოსს, მადაგასკარს, კამბოჯას, მიანმარს.
20%-იანი ტარიფი დაუწესდა ევროკავშირს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ კავშირი მომზადებულია რეაგირებისთვის. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკა მასობრივად დაზარალდება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.
34%-იანი დამატებითი „საპასუხო“ ტარიფი დაუწესა ტრამპმა ჩინეთს, რომელიც მექსიკის შემდეგ, მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია შეერთებულ შტატებში. ჩინეთიდან იმპორტზე უკვე დაწესებული იყო 20%-იანი ტარიფი. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლის თქმით, საერთო ჯამში 9 აპრილიდან ჩინეთს 54%-იან ეფექტურ ტარიფები განესაზღვრება.
ახალი 32%-იანი ტარიფი დაუწესა ტრამპმა შვეიცარიას, 37% — ტაილანდს, 32% — ტაივანს, 27% — ინდოეთს, 26% — სამხრეთ კორეას, 24% — იაპონიას,
„აშშ-ის (საშუალო) ტარიფი ყველა იმპორტზე ახლა არის დაახლოებით 22%, ეს მაჩვენებელი ბოლოს დაფიქსირდა დაახლოებით 1910 წელს. 2024 წელს 2.5% იყო“, — თქვა ოლუ სონოლამ, Fitch Ratings-ის აშშ-ის ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის თამაშის შეცვლა იმოქმედებს როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე.
„ბევრი ქვეყანა სავარაუდოდ რეცესიაში აღმოჩნდება. თქვენ შეგიძლიათ პროგნოზების უმეტესი ნაწილი დაივიწყოთ, თუ ტარიფის ეს განაკვეთი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება“, — დასძინა მან.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გააფრთხილა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორები, არ დაეწესებინათ საპასუხო გადასახადები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებზე.
ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის 25%-იანი ტარიფები დააწესა მანქანებსა და ავტონაწილების იმპორტზე.
მექსიკისა და კანადის გარდა, ტრამპის უახლეს სატარიფო სიაში არ მოხვდნენ რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ბელარუსი. აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა თქვა, რომ რუსეთი არ არის შეტანილი სატარიფო სიაში, რადგან ის სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც აშშ-სთან ვაჭრობას რუსეთთან მინიმალურს ხდის.
10%-იანი უნივერსალური ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდება, საპასუხო ტარიფები კი — 9 აპრილიდან.
