დღის დიდ ნაწილს ჯდომაში ატარებთ? — მეცნიერებს თქვენთვის ცუდი ამბავი აქვთ

ხშირად გიწევთ ჯდომა? საოფისე სამუშაო ამას გავალდებულებთ? მაშინ თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს.
მკვლევრებმა ჩვენი მოძრაობის მნიშვნელობა შეისწავლეს და ის გულის ჯანმრთელობასთან დააკავშირეს. სანამ კვლევის დეტალებზე გადავიდოდეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი — თითქმის ყველაფერი ჯობია ჯდომას! მკვლევრების თქმით, ჯდომას წოლაც კი ჯობია.
“ჩვენ ვნახეთ, რომ მოძრაობაში მცირე ცვლილებებიც კი ჯანმრთელობაზე უკეთ ისახება. ეს შეიძლება იყოს სირბილი, სწრაფი სიარული, კიბეზე ასვლა, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისცემას აჩქარებს. ეს პროცესი შეიძლება ორი წუთის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში ჯდომას ყველაფერი ჯობია”, — თქვა კვლევის ავტორმა, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ეპიდემიოლოგმა, ჯო ბლოჯეტმა.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. სტატისტიკის მიხედვით, გულის პრობლემების გამო ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება.
ამ მხრივ ცუდად მოქმედებს ჩვენზე ფიზიკური უმოქმედობა, არაჯანსაღი დიეტა, თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია.
ჯანსაღი კვება, სიგარეტისთვის თავის დანებება და ალკოჰოლის შეზღუდვა კარგი არჩევანია, მაგრამ კვლევის მიხედვით, თუ ხშირად გვიწევს ჯდომა ეს ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია.
მკვლევრებმა ექვსი კვლევის მონაცემები გაანალიზეს. მთლიანობაში ამან 15 000-ზე მეტი მონაწილე მოიცვა. შედეგად გამოვლინდა თუ რა შედეგები ჰქონდა ჯდომას, დგომას, ძილსა და ფიზიკურ აქტივობას გულის ჯანმრთელობაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ გულზე ყველაზე ცუდად ჯდომა მოქმედებს. რაც მნიშვნელოვანია, კვლევის მიხედვით, ჯდომის ნახევარი საათით ჩანაცვლებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოგვცეს.
და მაინც, ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში, რომელშიც ფიზიკური აქტივობებისთვის ბევრი დრო გვექნებოდა, ამიტომ მკვლევრები გვირჩევენ თავისუფალი დრო რაც შეიძლება კარგად გამოვიყენოთ და დავკავდეთ ისეთი ფიზიკური აქტივობით, რაც საბოლოოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.
კვლევა European Heart Journal-ში გამოქვეყნდა.