„[მყისიერი გადახდების სისტემა] არ არის პირდაპირი გადახდების სისტემის ჩამნაცვლებელი“ – ალექსანდრე ძნელაძე

ეროვნული ბანკი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობს. ბანკში აცხადებენ, რომ პროცესი მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თუმცა საზოგადოებისთვის ინფორმაცია ახლა გახდა ცნობილი. სისტემის დანერგვა 2026 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. რას გულისხმობს მყისიერი გადახდების სისტემა და რა შესაძლებლობებს მოუტანს ის საბანკო სექტორს? საკითხზე ,,კომერსანტი’’ ,,საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს’’ ალექსანდრე ძნელაძეს ესაუბრა.
– რას ნიშნავს მყისიერი გადახდების სისტემა? რამდენად კარგი შესაძლებლობაა ეს საბანკო სექტორისთვის?
– მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროცესი ახლა არ დაწყებულა. დიდი ხნის განმავლობაშია ამაზე საუბარი. უამრავ ქვეყანაში უკვე ამოქმედებულია ეს სისტემა. მყისიერი გადახდის სისტემის მთავარი პრიორიტეტი არის სხვადასხვა ბანკში, ანუ ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადარიცხვის დროს, თქვენი თანხა უნდა აისახოს მომენტალურად. მომენტალურად ნიშნავს მინიმალურ ვადებში. აღნიშნული სისტემა პრაქტიკულად გულისხმობს მცირე თანხების გადარიცხვებს. როგორც იცით, ეროვნულ ბანკს აქვს RTGS, რომელზეც გააჟღერეს, რომ ასევე 24 საათიან რეჟიმზე გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით, საბანკო სამუშაო დღის განმავლობაში ხდება ამ გადარიცხვის განხორციელება. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გადარიცხვების ნაწილში, მაგრამ აქვე უნდა ვახსენო, რომ ეს არ არის პირდაპირ გადახდების სისტემის ჩამნაცვლებელი. თქვენ თუ ერთი ბანკიდან მეორეში გადარიცხავთ თანხას, აღნიშნული ტრანზაქცია აისახება მომენტალურად. იყო საუბრები, რომ გარკვეულ წილად გაამარტივებს ვიღაცებისთვის გადარიცხვას, რომელსაც შესაძლებელია ნაწილობრივ სისტემებს მისცეს ამოქმედების საშუალება, მაგრამ ეს არ არის გადახდების სისტემის პირდაპირი ჩამნაცვლებელი. ეს არის გადარიცხვების გამარტივება. როგორც იცით ევროკავშირში მოქმედებს SEPA – ევროს ერთიანი გადახდის სისტემა, რომელშიც უზრუნველყოფილია გადარიცხვის მომენტალურად ასახვა. ის ევროზეა საუბარი და ანალოგიური სისტემა რომ იყოს საქართველოში ეს იქნება კარგი.
– ერთი ბანკიდან მეორე ბანკში თანხის გადარიცხვის საკომისიოზე მინდა გვითხოთ. ამ შემთხვევაში როგორ განისაზღვრება მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა? თავად ბანკები დააწესებენ საკომისიოების ოდენობას?
– გადარიცხვის საკომისიოებთან დაკავშირებით ეს იქნება იმედია კომერციულ საწყისებზე და როგორც დღეს არის გადარიცხვაზე გარკვეული საკომისიოები. სხვადასხვა პაკეტია, ზოგ შემთხვევაში უფასოა რაღაც ლარში გადარიცხვები, ზოგ შემთხვევაში ეს არის ფიქსირებული. ასეთი სისტემაა დღეს. კომერციულ საწყისებზე იქნება ეს გადარიცხვა.
– ახალი სისტემის შემოღებას გარკვეული დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება. კერძო ბანკებს მოუწევთ ამ მიმართულებით თანამშრომლობა?
– თუ ეს იქნება ეროვნული ბანკის მიერ მართული სისტემა, დღეის მდგომარეობით რა ინფორმაციაც გვაქვს ამ ფორმით ინერგება, როგორც RTGS-ს მართავს ეროვნული ბანკი (ლარში გადარიცხვებზე მაქვს საუბარი) ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკთან იქნება სამუშაო. სისტემას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ცვლილებების დასჭირდება, მაგრამ დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ წინ არის წასული საქართველოში საბანკო სისტემა და საგადახდო სისტემა. ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. უკვე აწყობილი სისტემები არსებობს და არ მგონია ეს სისტემა იყოს გადაულახავი პრობლემა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია

სიმონ ჯანაშია: მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, ასტროლინგვისტიკა, რომელიც უცხოპლანეტელებთან შესაძლო მეტყველების ენის შემუშავების პროგრამაა, უნდა ისწავლებოდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში… (ვიდეო)