ნათელია, რომ ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობს და “ქართულ ოცნებას” ყველა გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო.
“ის [ბიძინა ივანიშვილი] არაფორმალური ხელი იყო ქართულ პოლიტიკაში დასაწყისიდანვე. ხანდახან პირდაპირ მოქმედებდა – პრემიერ-მინისტრი როცა იყო, სხვა დროს უკან იხევდა და ამბობდა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა [პოლიტიკაში], მერე ბრუნდებოდა.
დღეს ნათელია, რომ ის ყველა გადაწყვეტილებას იღებს. წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” ყველა ადამიანი გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო, და ბევრი ასეთი იყო, ვინც ტრადიციული ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ, ვინაიდან, თავიდან “ქართული ოცნება” როგორც დიდი კოალიციით მოვიდა…
ასე რომ, ამ დროისთვის ეს ძალიან მცირე, შიგნით შეტრიალებული “ქართული ოცნებაა”, ძალიან მცირე ინტელექტუალური შესაძლებლობებით და ნათლად “ერთი კაცი – ერთი გადაწყვეტილებაა”, ვინაიდან ყველა – პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი – ისინი ყველა ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობენ. ერთი განსხვავებული განცხადებაც კი არ არის ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც საკითხებზე, რომლებიც ძალიან პირდაპირ პოლიტიკური არ არის, რაზეც განსხვავებული აზრი შეიძლება გაჟღერდეს მაგათგან ვინმესგან. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მომხდარა, ეს სრული მონოლითია და ძალიან ცხადია, რომ ბატონი ივანიშვილია ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
