„მრცხვენია დიდი დიღმელების და მინდა მათ ბოდიში მოვუხადო“, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა BMG tv-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ის წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გამომდინარე შექმნილი გადაადგილების დისკომფორტის გამო დიდი დიღმის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ რეფორმები მტკივნეულია.
„მრცხვენია დიდი დიღმელების და მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას, დიდი დიღმიდან გამოსვლა ფიზიკურად წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რეფორმა მტკივნეულია. ეს არ არის ისეთი რეფორმა, რომელიც რაღაც კონკრეტულს ეხება, ეს ყველას ეხება, რადგან გადაადგილების პრობლემა ეხება ყველას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ავტომობილით, ქვეითად მოსიარულეს.
გაცილებით დიდი პრობლემა ქვეითად მოსიარულეებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს“, – ამბობს წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
წყარო: bm.ge
