უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ეს ახალი კანონი ჩვენს საერთო ღირებულებებს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ არ შეესაბამება“, – აღნიშნა მილერმა.
მიმდინარე წლის დეკემბერში უნგრეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის მიერ წამოყენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
კანონის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან უნგრეთში ახალი ორგანო – სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ყველას, ვინც უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
