ჰამასი არ დათანხმდა ისრაელის ერთკვირიანი ზავის შეთავაზებას

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად მიჩნეულმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა უარი თქვა ისრაელის შეთავაზებაზე, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის ერთი კვირით შეწყვეტას 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ეგვიპტელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეგვიპტე და კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის შუამავლის როლს ასრულებენ.
ოთხშაბათს ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა ისმაილ ჰანიემ ღაზის სექტორში ახალი ჰუმანიტარული პაუზის შესაძლებლობის შესახებ კაიროში მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ისრაელი მოითხოვდა 40 მძევლის, მათ შორის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შედეგად გატაცებული ყველა იმ ქალის, ბავშვისა და მოხუცის გათავისუფლებას, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. სანაცვლოდ, ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების ერთი კვირით შეჩერებას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაშვებას სთავაზობდა.
ჰანიეს ხელმძღვანელობით ჰამასის დელეგაციის წევრებმა ეგვიპტელ შუამავლებს განუცხადეს, რომ რაიმე პოტენციური შეთანხმების განხილვამდე ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზის სექტორზე შეტევა და გაიყვანოს თავისი ჯარები. მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში კი, ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელების გასათავისუფლებლად ისრაელმა ციხეებიდან უნდა გამოუშვას ყველა პალესტინელი პატიმარი, წერს გამოცემა ჰამასის პოზიციაზე. ეს პირობა ისრაელისთვის კატეგორიულად მიუღებელია. WSJ-ის ცნობით, ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში.
მანამდე ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბარნეამ განაცხადა, რომ თუ ჰამასს ომის დასრულება სურს, უნდა დაყაროს იარაღი და ისრაელს გადასცეს ღაზის სექტორში მყოფი ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან 7 ოქტომბრის თავდასხმაზე.
ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო