თბილისში სავარაუდოდ დამატებით ავტობუსის 10 სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა

თბილისში 10 მარშრუტზე შესაძლოა, ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი მოეწყოს – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაში.
“ავტობუსით მგზავრობის უფრო სწრაფი და კომფორტული გამოცდილების შესაქმნელად, შერჩეულია „თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის“ (TBT) ათი მარშრუტი. TBT მარშრუტები განახლდება და 18-მეტრიანი შესახსრებული ავტობუსები იმოძრავებს ყოველ ოთხ წუთში ერთხელ. მთავარ ქუჩებზე, სადაც ეს მარშრუტები იმოქმედებს, განხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის გამოყოფილი ზოლები და გაუმჯობესებული ავტობუსის გაჩერებები და სადგურები. ამ ქუჩების გაუმჯობესება სასიკეთო იქნება არა მხოლოდ TBT მარშრუტების, არამედ ყველა ავტობუსის მარშრუტისთვის, რომელიც ამ ქუჩებზე იმოძრავებს. TBT მარშრუტებზე ქუჩების ხელახალი დაპროექტება განსხვავებული იქნება თავისი მასშტაბითა და ტიპით; ტროტუარის კიდეზე დახაზული ავტობუსის ზოლებიდან უფრო მაღალი ხარისხის ცენტრში განთავსებულ ავტობუსის ზოლებამდე (როგორც ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირებზე), რაც უფრო ახლოს დგას ავტობუსის სრულად ტრანზიტულ დერეფანთან.” – ნათქვამია 80-გვერდიანი დოკუმენტში, რომელიც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია “რამბოლმა”, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
„თბილისის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის ავტობუსებზე მოდის მგზავრობების ყველაზე მეტი რაოდენობა. ავტობუსების ქსელი ფართოა, ახლახან ავტობუსების პარკის მსხვილი ნაწილის განახლებით კი ავტობუსები უფრო სუფთა, ახალი და კომფორტული გახდა. მაგრამ ბევრ ქუჩაზე, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ავტობუსს 90-მდე ადამიანი გადაჰყავს, ისინი იმავე მოძრაობაში არიან გაჭედილები, როგორც ავტომობილები. მთავარ დერეფნებზე ზოგიერთი ავტობუსი ვერც ზომითა და მოძრაობის სიხშირით ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.” – წერია სარეკომენდაციო წერილში.