ისტორიაში პირველად, სირიას ქალი მინისტრი ეყოლება. ქრისტიანი ჰინდ კაბავატი, რომელიც სირიისა და კანადის ორმაგი მოქალაქეა, ახალ, გარდამავალ მთავრობაში სოციალურ საკითხთა და შრომის სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ის ჯერ კიდევ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს, აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი იყო და ძირითადად, რელიგიათაშორისი ტოლერანტობის საკითხებზე მუშაობდა. კაბავატი წლების განმავლობაში სწორედ რელიგიის, დიპლომატიისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობდა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტის ვებ-გევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კაბავატი ბოლო 20 წელზე მეტია მუშაობს სირიაში ქალთა უფლებების, რელიგიური კონფლიქტებისა მოგვარებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე. მან სირიაში დააფუძნა “დიალოგის, მშვიდობისა და შერიგების ცენტრი”. როგორც ამ ცენტრის მუშაობის ფარგლებში, ისე მის მიღმა კაბავატმა განახორციელა არაერთი პროექტი ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობებისა და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებისთვის.
გარდა ამისა, კაბავარი მუშაობდა საგანმანათლებლო საკითხებზე ქალებთან, ბავშვებთან, ლტოლვილევთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან როგორც სირიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა წერა-კითხვის შემსწავლელ ცენტრს სირიელი ლტოლვილი გოგონებისთვის სამხრეთ თურქეთში.
ჰინდ კაბავატი ერთადერთ ქალია სირიის გარდამავალ მთავრობაში. თუმცა, 23 მინისტრიდან არაერთია სირიაში არსებული სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. მათ შორის, ერთ-ერთა ალავიტი იარუბ ბადრი, რომელიც ტრანსპორტის მინისტრი იქნება.
ალავიტები არიან რელიგიური უმცირესობა სირიაში, რომლებიც ასადის მმართველობის დროს პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ეს იმიტომ, რომ სირიის ყოფილი ლიდერი სწორედ ალავიტთა თემს მიეკუთვნება. მისი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, ალავიტები დაუპირისპირდნენ დროებით სამთავროოვ ძალებს, რასაც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა.
2025 წლის იანვარში, ასადის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ დროებით პრეზიდენტად არჩეულმა ალ-შარაამ პირობა დადო, რომ გარდამავალი მთავრობა იქნება ინკლუზიური და გამოხატავს ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას.
ალ-შარაას გარდამავალი მთავრობა იმუშავებს იქამდე, სანამ სირიელები ახალ მთავრობას არ აირჩევენ. ალ-შარაას განცხადებით, ეს არჩევნები დაახლოებით 5 წლის შემდეგ დაინიშნება, იქამდე კი ის მის ახალ გუნდთან ერთად იმუშავებს სახელმწიფო ინსტიტუტების აღსადგენად და დასავლეთთან კავშირების გასაუმჯობესებლად.
