მიანმარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების გამო, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა ავრცელებს ფოტოებს მიანმარის დედაქალაქ ნაიპიდავიდან და სიდიდით მეორე ქალაქ მანდალეიდან, რომლებზედაც ჩანს დაზიანებული და დანგრეული შენობები და გზები.
ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ში დაფიქსირდა, მეორის კი – საგაინგიდან სამხრეთით 18 კილომეტრში.
მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 მუშას ეძებენ.
