VISA და Mastercard-ი არის ერთ-ერთი წარმატებული სისტემა, რომელიც წლებია ჩვენს ქვეყანაში მუშაობს და მივესალმებით – ვაკო თურნავა
ღია ბანკინგის შემოტანა ბაზარზე გაზრდის კონკურენციას, რაც კარგია – მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა. უფრო დეტალურად ვაკო თურნავამ ღია ბანკინგის აუცილებლობაზე და მის შედეგებზე კომენტარი Business Insider Georgia-სთან გააკეთა.
„ევროკავშირთან მიმართებაში ქვეყნის ვალდებულებაა, რომ ღია ბანკინგის სისტემა დაინერგოს. ევროკავშირში ღია ბანკინგი მიიღო 2015 წელს, ანუ 10 წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ ყველა ბანკი ვალდებულია თავის კლიენტებზე წვდომა მისცენ მესამე ლიცენზირებულ პირს, თუ ამის თანხმობა აქვს გასცემს თავად კლიენტს. მე რომ მაქვს ერთ ბანკში ანგარიში, შემიძლია მეორე ფინანსურ ორგანიზაციას მივცე უფლება, რომ ჩემს ანგარიშზე მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბანკშია ანგარიში, მაინც ჰქონდეს წვდომა. დღეს ეს დანერგილია და ტყუილად არის აჟიოტაჟი აწეული. თუ შეხვალთ, რომელიმე ბანკის ონლაინ ბანკინგში შეგიძლიათ კონკურენტი ბანკის ანგარიში დაამატოთ. VISA და Mastercard-ი რა თქმა უნდა კარგია და რა თქმა უნდა უნდა მუშაობდნენ. ბარათებით გადახდა გადახდების ერთ-ერთი მეთოდია, თუმცა ახალი ალტერნატივის შექმნა და მეტი ალტერნატივის არსებობა ქვეყანაში უკეთესია, რაც გამოიწვევს სერვისების გაიაფებას. დღეს თუ თითო გადახდაზე სერვისის ღირებულება არის 2%-ი, ეს ტარიფი საგრძნობლად დაიწევს, გაუმჯობესდება ფინანსური სერვისები. იმიტომ, რომ მომხმარებელს ეძლევა წვდომა ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე. მას შეუძლია შეუძლია თავისი ბიუჯეტი დაგეგმოს და უფრო ღრმა კონტროლის შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც ანგარიშებზე ისე მონაცემებზე. შეუძლიათ უსაფრთხოდ გაუზიარონ თავისი პირადი მონაცემები მესამე პირებს. გაუმჯობესდება კონკურენცია, რაც ხელს უწყობს ახალი მოთამაშეების გაჩენას ბაზარზე, თუნდაც ფინტექ კომპანიების და ასე შემდეგ. აღნიშნული ფასს რადიკალურად შეამცირებს და უფრო სწრაფი გადახდა იქნება“, – აღნიშნა ბაკო თურნავამ.
დეპუტატის თქმით, ღია ბანკინგი არის არსებული გადახდის საშუალებების ალტერნატივა.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებული რაც კარგად მუშაობს გაუქმდება. დღეს საქართველოში გადახდები ხდება ქეშითაც, ბარათებითაც და ხვალიდან უკვე გადაიხდიან ქეშით, ბარათით და ანგარიშით. როგორც დღეს არის კითხვა “რით იხდი ბარათით თუ ქეშით“, ამ კითხვას უკვე ანგარიში დაემატება. ეს ჩვეულებრივი მეთოდია. ის აშშ-ში წლებია მუშაობს, ევროკავშირში კი 10 წლის უკან დანერგეს. ეს უფრო გამჭვირვალეა და უფრო ნათელ სურათს იღებენ მომხმარებლები თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შეუძლიათ თავისუფლად შეადარონ სხვადასხვა სერვისი ერთმანეთს. ჩვენთვის ეს არის ინოვაცია, თუმცა განვითარებული ქვეყნებისთვის ეს წლებია მუშაობს და თან ევროკავშირის დირექტივაა. არ შეიძლება ერთის მხრივ ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირთან ვალდებულებები დროულად უნდა შესრულდეს ეწინააღმდეგებოდეს ამ ვალდებულებებს და თან კარგ ვალდებულებებს, რაც გვაქვს – ეს როგორ გამოდის?
კრიტიკა ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა იყოს საღი. ჩემი როლი და ჩემი მიზანი არის, რომ ინოვაციებს ხელი შევიწყოთ და სწრაფად დავნერგოთ და ის ბენეფიტები, რაც ამ ინოვაციებს გააჩნია მოხმარდეს ჩვენს მოსახლეობას. კონკრეტულ შემთხვევაში ღია ბანკინგის ხარჯი არის ძალიან დაბალი. დღეს ბაზარზე არსებული კომპანიები ღია ბანკინგის გადახდის შემთხვევაში სთავაზობენ განახევრებულ საკომისიოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ვაკო თურნავა არსებულ საერთაშორისო გამოცდილებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ღია ბანკინგის შემოტანა გაზრდის კონკურენციას.
„VISA და Mastercard-ი არის ერთ-ერთი წარმატებული სისტემა, რომელიც წლებია ჩვენს ქვეყანაში მუშაობს და მივესალმებით. რა თქმა უნდა ამაში თავიანთ გასამრჯელოს იღებენ და არც თუ ისე ცოტას. ზუსტად ამიტომ ალტერნატიული გზის ქონა ყოველთვის კარგია და ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის უნდა შევთავაზოთ მეტი ინოვაცია და მეტი განახლებული სერვისები“, – აცხადებს თურნავა.
