„კუმისმა“ გასულ წელს 85 მლნ კვერცხი აწარმოა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ bm.ge-სთან ინტერვიუსას განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს კომპანიას 6%-იანი ზრდა ჰქონდა. მიმდინარე წელსაც, ანალოგიური ზრდა აქვთ დაგეგმილი.
როგორც მან განმარტა, ბოლო პერიოდში კვერცხის წარმოების ინდუსტრიაში სტაბილურობა შეინიშნება.
„2022-2023 წლები უფრო არასტაბილური იყო. ბევრი ადამიანი შემოვიდა მეზობელი ქვეყნებიდან უკრაინაში ომის გამო, შესაბამისად, იმ პერიოდში გაზრდილი იყო კვერცხის მოხმარება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, მათ ქვეყანა დატოვეს, ეს კი, კვერცხის მოხმარებაზეც აისახა და შესაბამისად შემცირდა კიდეც. თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილიზაცია შეინიშნება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება რაოდენობრივად მატულობს.
„ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება იზრდება. რადიკალური ზრდა არ არის, მაგრამ 5-6%-იანი ზრდა შეინიშნება. საქსტატის მონაცემებითაც, მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 1-2 ცალი კვერცხით მატულობს, რაც კარგია. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მოთხოვნას ფეხი ავუწყოთ“, – განაცხადა „კუმისის“ დირექტორმა.
მისივე თქმით, წლის მანძილზე ყველაზე დიდი მოთხოვნა კვერცხზე საახალწლო და სააღდგომო პერიოდშია.
„ვცდილობთ, ამ პერიოდებში გვქონდეს კვერცხის ის რაოდენობა, რომ მომხმარებლებს სათანადო რაოდენობა მივაწოდოთ. ზოგადად, ქათმის რენტაბელობა არის 1.5-2 წელი. ყოველ ორ წელში ქათამი უნდა გამოიცვალოს, რათა წარმოება ციკლურად არ შეჩერდეს. ამას ყოველთვის ზაფხულის პერიოდში ვამთხვევთ ხოლმე, როდესაც ქვეყანაში კვერცხის მოხმარება ვარდება“, – განმარტა გოგიტა მაისურაძემ.
