ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მკაცრად ვგმობთ საქართველოში ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ

მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, – ამის შესახებ ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რეისინგერმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორმხრივ დონეზე, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და ორ ქვეყანას კარგი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს.
„დარწმუნებული ვარ, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სასარგებლო იქნება ორივე ჩვენგანისთვის. უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის კონტექსტში, ჩვენ ორივეს გვჭირდება მდგრადობის განვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ რუსეთი განაგრძობს ჩვენი ინსტიტუტების და საზოგადოებების დესტაბილიზაციის მცდელობას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს ცრუ ნარატივები და დეზინფორმაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ მათი განხილვის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო.
„კარგ პარტნიორებს შორის ასევე შესაძლებელია გულწრფელი და ღია განხილვები. და სამწუხაროდ, დღეს დღის წესრიგში ბევრი განსხვავებული თემა გვქონდა. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, საქართველომ უკუსვლით მოძრაობაში გადაინაცვლა. ეს არის სამწუხარო როგორც ავსტრიის, ასევე ევროკავშირის გადასახედიდან. ჩვენ ვხედავთ უკუსვლას მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში რეფორმების კუთხით. ვხედავთ უკუსვლას, როგორიცაა ისეთი კანონები, რომელთა სამიზნე არის სამოქალაქო საზოგადოება და დარღვევები ოქტომბრის საპარლამენტო ს დროს, რომელიც ეუთო/ოდირის მიერ გამოვლინდა. ამის შედეგად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
ჩემს ქართველ კოლეგასთან გარკვევით განვაცხადე, რომ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის შემთხვევები უნდა გამოიძიონ და პასუხისმგებლებმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუწყვიტა პირდაპირი დახმარება 120 მილიონი ევროს ოდენობით.
„ჩვენ ასევე შევაჩერეთ 2024 წლისთვის დაგეგმილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება „ევროპის სამშვიდობო ფონდის“ ფარგლებში და არ ვგეგმავთ დახმარებას 2025 წელს. თუმცა, ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებს, გადალახონ პოლარიზაცია, განხეთქილება. ვფიქრობ, აქტიურ დიალოგს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოვლენების შემდგომი განვითარება მთლიანად დამოკიდებულია იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს მთავრობა მომავალში გადადგამს. ვფიქრობ, საკითხი, როგორ უნდა გააგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლა სრულიად თქვენი გადასაწყვეტია, ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება. ასევე ნათელია ისიც, რომ მივესალმებით თქვენც მცდელობებს, უფრო ჩართულ მცდელობებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე კარის სრულად დაკეტვის წინააღმდეგი ვარ. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ღია არხები შევინარჩუნოთ. ვენა დიდი ხანია დიალოგისა და დიპლომატიის ჰაბია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ავსტრია მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედების კურსი“, – დასძინა მინისტრმა.
კითხვაზე, კვლავ განიხილება თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანად, როდესაც საქმე ეხება თავშესაფრის მაძიებლებს, მინისტრმა უპასუხა.
“ჯერჯერობით დიახ. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ სიტუაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მაგრამ საერთო აპლიკაციების მხოლოდ 0,7 პროცენტთან დაკავშირებით მოხდა პოზიტიური გადაწყვეტილება – ეს იყო 192 აპლიკაცია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ სიტუაციას“.