აზერბაიჯანის განცხადებით, თუ სომხეთს მშვიდობა სურს, კონსტიტუცია უნდა შეცვალოს

„თუ სომხეთს ნამდვილად სურს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ცვლილებები საკუთარ კონსტიტუციაში და არ უნდა აცილებდეს თავს თანამშრომლობისგან, რომელიც უკავშირდება მინსკის ჯგუფის ოფიციალურად გაუქმებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
13 მარტის ინფორმაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ.
ამავე დროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბაქომ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები წამოაყენა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა.
„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის 25 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს აზერბაიჯანმა ახალი პირობები წამოაყენა მას შემდეგ, რაც შეთანხმება მიღწეული იყო სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე, სრულიად უსაფუძვლოა“, – ნათქვამია ჰაჯიზადეს განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
ჰაჯიზადემ აღნიშნა, რომ სომხეთის მხარის განცხადებები აზერბაიჯანის ახალი მოთხოვნების შესახებ „მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ და სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს.
„თუ სომხეთს ნამდვილად სურს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ცვლილებები საკუთარ კონსტიტუციაში და არ უნდა აცილებდეს თავს თანამშრომლობისგან, რომელიც უკავშირდება მინსკის ჯგუფის ოფიციალურად გაუქმებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ჰაჯიზადემ განმარტა, რომ სომხეთის კონსტიტუციიდან იმ დებულებების ამოღების საკითხი, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის ოფიციალური გაუქმება, ბოლო ორი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში მოლაპარაკებების ნაწილი იყო.
მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია სომხეთის მხარეს ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას მიეწოდა და იგი ცნობილია მესამე ქვეყნებისთვისაც.