მოსკოვის წარმომადგენელი: უკრაინის თაობაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება არ იყო მარტივი, მაგრამ იყო სასარგებლო

აშშ-რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საკითხზე ინტენსიური და სასარგებლო იყო – განაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
“ვილაპარაკეთ ყველაფერზე, ეს იყო ინტენსიური დიალოგი. არ იყო მარტივი, მაგრამ იყო ძალიან სასარგებლო ჩვენთვის და ამერიკელებისთვისაც” – უთხრა კარასინმა 25 მარტს სახელმწიფო სააგენტო „ტასს“.
“განვიხილეთ ბევრი პრობლემა” – ამბობს კარასინი და დასძენს: “ცხადია, ყველაფერი არ გადაჭრილა, ყველაფერზე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ფაქტი, რომ ამგვარი საუბარი შედგა, ჩემთვის ძალიან დროულია”.
კარასინის თქმით, აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება და მასში ჩაერთვებიან გაერო და სხვა სახელმწიფოებიც. დიპლომატს დეტალები არ დაუზუსტებია.
კარასინის განცხადებები მოჰყვა საუდის არაბეთში 12 საათზე მეტხანს გაგრძელებულ მოლაპარაკებას აშშ-ის წარმომადგენლებთან. ამერიკელები იქ უკრაინის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, 23 მარტს. სააგენტოები AFP და Bloomberg News-ი ანონიმურად დატოვებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მოლაპარაკება 25 მარტსაც გრძელდება.
აშშ-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების პარალელურად, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ქალაქ სუმიზე, რის შედეგადაც დაიჭრა 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს