ამჯერად იგი ბალტიის ქვეყნებში მოგზაურობს – ვიზიტები სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვიდან დაიწყო.
„ბალტიის ქვეყნებში ჩემს ვიზიტს ვიწყებ ლიეტუვიდან“, – წერს ის პლატფორმა X-ზე. იგი გეგმავს, ეწვიოს ლატვიასა და ესტონეთსაც.
მისი თქმით, ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელიც „მუდამ ედგა საქართველოს გვერდში ჩვენს ევროპულ გზაზე“.
„მადლიერნი ვართ თქვენი მხარდაჭერისა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის ჩვენი ბრძოლისადმი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მისი ვიზიტი შეაფასეს, როგორც „უაზრო“.
„ამ ადამიანის „ვოიაჟებს“, რაღაც გადადგმულ ნაბიჯებს, არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა 24 მარტს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა კი თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანია, „31 მარტამდე რაღაც განცხადებები გაამწვავონ“, რათა „ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად კიდევ ერთხელ სული შთაბერონ“.
სალომე ზურაბიშვილი მარტის დასაწყისიდან გეგმავს 31 მარტის საპროტესტო დემონსტრაციას ოპოზიციურ ძალებთან და აქტივისტებთან ერთად.
წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბური აქცია უნდა გაიმართოს ისტორიული თარიღის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის – აღსანიშნავად.
117-ე დღეა, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნების, ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით.
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ფორუმი
