„ნალესი აღდგენილია“ – როგორ „შეაკეთა“ მერიამ სამგორის მეტროში ბათქაშის ჩამოშლის ადგილი

თბილისის ერთ-ერთ ხალხმრავალ მეტროსადგურ „სამგორის“ ერთ-ერთ შესასვლელთან 2024 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, წყლის ჟონვით დაზიანებული ბათქაში ჩამოიშალა. შემთხვევა დილით, “პიკის საათში” მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ეს ადგილი სახელდახელოდ იმავე დღეებში შეაკეთეს – იქ, სადაც მოსული ნალექის დროს წყალი მუდმივად ჟონავდა, ააკრეს თუნუქის ფირფიტა, რომლის ბოლოში დამაგრებული პლასტმასის ბოთლიც ძაბრის ფუნქციას ასრულებს. საბოლოოდ, წვიმის წყალი შლანგშია მოქცეული და წყალარინებში ჩადის.
2025 წლის 20 მარტს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა რადიო თავისუფლებას ოფიციალური, ბლანკზე დატანილი წერილით აცნობა, რომ „დაზიანებული ჭერიდან ჩამოშლილი ნალესი მყისიერად იქნა აღდგენილი“.
ამ წერილის მიღების შემდეგ რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთხელ დაათვალიერა მეტროსადგურის ჩასასვლელი: ის ადგილი, სადაც ბათქაში ჩამოიშალა, კვლავ შესალესია, ნაწილს კი თუნუქის ფირფიტა ფარავს; კვალავ წვეთავს წყალი; ზოგან კი მეტალის ბადეა აკრული. წყლის ჟონვის კვალი ეტყობა კედლებსაც: ზოგან ბეტონის საფარი ჩამორეცხილია და რკინის ფენები ჩანს, დაზიანებულია კედელზე გაკრული ფილებიც.
„ვარკეთილში“, მეტროსადგურის იმ ჩასასვლელში, რომელიც „ვაზისუბნის“ მგზავრებს ემსახურება, წყალი წლებია ჩადის.
„სამგორი“ ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სადგურია თბილისში. ის ემსახურება რამდენიმე გარეუბნის მგზავრებს, მათ შორის არის „აფრიკა“, ლილო და ორხევი.
ფორუმი