შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონებისთვის ისეთი სახელის დარქმევა, როგორიცაა „რუსული კანონი“, „ენჯეოების“ დამფინანსებლების მიერ მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთია

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, კანონებისთვის სახელების დარქმევა როგორიცაა „რუსული კანონი“ და ა.შ. „ენჯეოების“ დამფინანსებლების მიერ მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, სინამდვილეში, „ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც „ენჯეოები“ იყენებენ“.
„კანონების სტიგმატიზება – „რუსული კანონი“ და ა.შ. ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი არ არის. ვხედავთ ამ ილეთს, როგორ იყენებენ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მათ შორის, ტრამპის წინააღმდეგ. ზუსტად ისინი, ვინც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“. ეს „ენჯეოები“, ტრამპის ადმინისტრაციასაც და მის ზოგიერთ წარმომადგენელს პრორუსულს უწოდებს. მაგალითად, „მაკკეინის ინსტიტუტი“ -ის მოქმედ პრეზიდენტს სექსუალურ მოძალადეს პირდაპირ უწოდებს. ასე რომ ეს არის მეთოდი, რომელიც არა საქართველოში, არამედ მათი დამქირავებლების მიერაა მოფიქრებული, რომლებიც ამ „ენჯეოებს“ აფინანსებენ, რომ რაღაც კანონს ან რაიმე პროცესს შეეწინააღმდეგონ, მიაწებონ „რუსულის“ კლიშე და მორჩა, ამით გაექცნენ დისკუსიას. შეგახსენებთ, რომ შარშან, ოქტომბერში გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, სადაც მან ჩამოწერა 6 კრიტერიუმი, რა შემთხვევაში იყო ამ ტიპის კანონები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევი. არც ერთ ამ 6-დან, ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის. სინამდვილეში, ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც „ენჯეოები“ იყენებენ. მე მათთან კითხვა არ მაქვს, კითხვა მაქვს მათ დონორებთან, ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, სხვა საელჩოებისა თუ დონორების წარმომადგენლებთან – რატომ ახალისებენ ამ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმითვე, „ქართველი „ენჯეოები“, ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან გარიგებულ ხელისუფლებას უწოდებენ“.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, „უცხოეთიდან დაფინანსებულ ამ „ენჯეოებს“, თუ რამე პრობლემა აქვთ და თუ კი რამე არ მოსწონთ ამ კანონში, იციან, სად მდებარეობს აშშ-ის საელჩო და მიმართონ მას“.
„რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რა თქმა უნდა, ისინი წარმოადგენენ უცხო ინტერესებს. როგორ შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს ინტერესს ხალხი, რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხს და საკუთარი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამასთან, ხელს უწყობს სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში…
აშშ-ს ეძახით თქვენ ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს? ამ „ენჯეოებისთვის“ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია არის რუსეთთან შეკრული ადმინისტრაცია. ეს მათი შეფასებებიდან გვსმენია. გასაგებია, რომ მათთვისაც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია რუსეთთან შეკრული ადმინისტრაციაა. ამიტომ მათი შეფასებები არ გვიკვირს. თუკი აშშ-ს ეძახიან ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს, ესეც მათ პრობლემაა. როგორც ჩანს, ეს ორგანიზაციები არიან ანტიამერიკული განწყობების მქონე ორგანიზაციები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.