„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას, – ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელიც პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გამოსავლენად ჩაატარა.
„მინდა გაგიზიაროთ ამბავი სილვირის ციხიდან, რომელმაც ძალიან გამახარა. ჩვენი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. 15 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. სამთავრობო ტირანიით, დანგრეული ეკონომიკით და უკანონობით დანგრეული ამ ქვეყნის ათობით მილიონი ადამიანი საარჩევნო ყუთებისკენ გაიქცა. მათ ერდოღანს უთხრეს “საკმარისია”. ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“, – წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.
პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ პრაიმერიზში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას ხმა 15 მილიონმა ადამიანმა მისცა. სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზელმა აღნიშნა, რომ ამ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.
ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.
