ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
17 მაისის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან ღამბაშიძე უძღვებოდა, საერთაშორისო დაბეგვრასა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების პრაქტიკაში გამოყენებას მიეძღვნა.
რა არის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მიზანი
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას.
ამისათვის ხელშეკრულება ძირითადად განსაზღვრავს:
პირველი: ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს – სად დაიბეგრება იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
მეორე: შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მეორე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი.
მესამე: გადასახადების გადაუხდელობისგან თავის არიდების პრევენცია, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.
აღსანიშნავია, რომ გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმართ.
„გრანთ თორნთონ საქართველოს“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელის განმარტებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება” ძალაშია 57 ქვეყანასთან.
ქეთევან ღამბაშიძის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმება არ ითვალისწინებს არაპირდაპირ გადასახადებს, მაგალითად როგორიც არის დამატებული ღირებულების გადასახადი. საქართველოს შემთხვევაში მოიცავს მოგების და საშემოსავლო გადასახადს. სხვა ხელშემკვრელი ქვეყნისთვის შესაძლოა გადასახადის დასახელება განსხვავდებოდეს, მაგრამ შინაარსობრივად მოიცავს ანალოგიური სახის გადასახადებს – კომპანიის შემთხვევაში მოგების და ფიზიკური პირის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადს.
„პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით გადასახადის გადამხდელისგან ისეთ მიდგომას, როდესაც ესა თუ ის ოპერაცია არ არის დაბეგრილი მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ საქართველოსა და გარიგების მეორე მხარის ქვეყანას შორის არსებობს ამგვარი ხელშეკრულება და შესაძლოა გადამხდელმა მოიპოვა რეზიდენტობის ცნობა. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მხოლოდ ხელშეკრულების არსებობა არ ათავისუფლებს გადამხდელს გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.
იმისათვის, რომ გავერკვეთ შევძლებთ თუ არა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების გამოყენებას კონკრეტული ოპერაციისთვის, სულ მცირე უნდა შევაფასოთ შემდეგი გარემოებები:
· იბეგრება თუ არა ოპერაცია ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით?
· შეთანხმების რომელი მუხლი არეგულირებს კონკრეტულ ოპერაციას და ანიჭებს თუ არა აღნიშნული მუხლი რომელიმე ქვეყანას დაბეგვრის ექსკლუზიურ უფლებას?
· შევძლებთ თუ არა მეორე მხარის რეზიდენტობის ცნობის მოპოვებას? ამგვარი ცნობის მოუპოვებლობის შემთხვევაში, შეთანხმების დებულებებს ვერ გამოვიყენებთ.
· ოპერაციის სახეობიდან გამომდინარე – ვინ არის ბენეფიციარი მფლობელი? აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს ხელშემკვრელი ქვეყნის რეზიდენტს.
· არსებობს თუ არა გარიგების მეორე ქვეყანაში მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა? ან ხომ არ წარმოეშვება მათი რეგისტრაციის ვალდებულება განსახილველი ოპერაციის ფარგლებში?
· იკვეთება თუ არა ურთიერთდამოკიდებულება გარიგების მხარეებს შორის?
· ხომ არ არის გარიგების მიზანი გადასახადისგან თავის არიდება?
იმისათვის, რომ გარიგების ერთმა მხარემ შეძლოს მეორე ქვეყანაში გადახდილი გადასახადის ჩათვლა, უნდა მოიპოვოს, ამავე შეთანხმებაში მითითებული „კომპეტენტური ორგანოს“ მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა გადასახადის გადახდის შესახებ. საქართველოს შემთხვევაში ასეთ კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩასათვლელი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც იქნებოდა დარიცხული საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით.“- განმარტა „გრანთ თორნთონ საქართველოს“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან ღამბაშიძემ.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.