წარსულში ჩვენ ძალიან მძიმე რეპრესიული სისტემა გამოვიარეთ წინა ხელისუფლების დროს, ამას ვებრძოდით, მაგრამ არა ეს ადამიანები, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ. ისინი არ ებრძოდნენ, წინა სისტემის დროსაც გაყუჩებულები, გაჩუმებულები, მდუმარენი ან მათი მხარდამჭერები იყვნენ, – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თაობაზე განაცხადა.
ბესელიას თქმით, ეს საგამოძიებო კომისია არის საჩვენებელი სანახაობა საკუთარი მომხრეებისთვის, თითქოს ისინი წინა ხელისუფლების დროს არსებულ პრობლემებთან ბრძოლას აგრძელებენ.
„ყველაზე არადამაჯერებელი, რაც არის საგამოძიებო კომისიის მანდატში, შინაარსში, ფორმაში, ყველაზე არასარწმუნო და არასანდო არის მისი შექმნის მოტივაცია. ყველაფერი ხომ ამით იზომება – რასაც აკეთებ, რატომ აკეთებ ამას. ამ ყველაფერს აქვს ერთი მთავარი გზავნილი – ეს არის საჩვენებელი – არა რეალურად მისი მანდატის განხორციელება, არამედ საჩვენებელი სანახაობა საკუთარი მომხრეებისთვის, რომ თითქოს წარსულში რაც ხდებოდა, ამასთან ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ აწმყოში გვაქვს ეს პრობლემები, რაც წარსულში გამოვიარეთ.
მე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმ აზრზე და ყოველთვის იმ აზრზე ვიქნები, არ შემიცვლია ეს პოზიცია, რომ წარსულში ჩვენ ძალიან მძიმე რეპრესიული სისტემა გამოვიარეთ წინა ხელისუფლების დროს, ამას ვებრძოდით, მაგრამ არა ეს ადამიანები, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ. ისინი არ ებრძოდნენ, წინა სისტემის დროსაც გაყუჩებულები, გაჩუმებულები, მდუმარენი ან მათი მხარდამჭერები იყვნენ.
ჩვენ ვებრძოდით, შემდგომ გამოვიკვლიეთ ის სისტემური დანაშაულები და ვთქვით, რომ ის, რაც დღეს ხდება, სამწუხაროდ, არასოდეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ჩავატაროთ, პირველ რიგში, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა.
დღეს რას იძიებენ საგამოძიებო ორგანოები? დღეს რატომ არ აქვთ პარლამენტის ამ წევრებს რეაქცია, რომ პრეზიდენტს, რომელსაც ხვდებიან დილის 05:00 საათზე აეროპორტში და თავდასხმას უწყობენ ან „ქართული ოცნების“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს? გამოძიება რომ არ მიმდინარეობს, ერთი საგამოძიებო მოქმედება რომ არ ტარდება… ამ საღამოსაც რომ დააკავეს სტუდენტები და დაკავების დროს რომ არც ერთი დამკავებელი პირი რომ არ იცავს ქვეყნის კონსტიტუციას, დაკავების წესებს, პროცედურებს, ადამიანის უფლებებს – ამაზე რატომ არ აქვთ რეაქცია? სად არის პარლამენტის ზედამხედველობა, რომელიც, მათ შორის, ჩემი პარლამენტში ყოფნის დროს რომ გავაძლიერეთ, რეგლამენტში ჩავწერეთ, კანონები მივიღეთ, წესები დავამკვიდრეთ, პრაქტიკაც შევქმენით, რომ ასეთი თავაშვებულობა არ ყოფილიყო, რაც დღეს ხდება.
ამიტომ არის ბუტაფორია, ამიტომ არის არასაიმედო და არასარწმუნო ის საგამოძიებო კომისია. რას იკვლევენ 15 წლის წინანდელ საქმეს, რომელსაც დავარქვით უკვე სახელი. თუ რომელიმე პირის მიმართ გამოძიება არ წარიმართა, ის პირი დაიბარონ და გამოკითხონ. ეს არის სიყალბე, რომლითაც გაჟღენთილია დღეს ცარიელი პარლამენტი, სადაც ერთი პარტია ერთმანეთს ელაპარაკება გაყალბებული არჩევნების შემდეგ და თვალს ხუჭავს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე. ამიტომაც, რას იტყვის წულუკიანი, მათიკაშვილი თუ მდინარაძე, საერთოდ აღარ აქვს შინაარსი, გამოცლილია ყოველგვარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური წონისგან“, – განაცხად ბესელიამ.
იურისტმა ასევე ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების შესახებ და აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანაში მათი ერთობლივი ვიზიტი იგეგმება.
„კრიტიკულ განცხადებებს არაუშავს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ეს ასატანიც არის. სხვათა შორის, ამაზე არ რეაგირებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ აქვს რაიმე მკვეთრი პოზიცია. სამუშაო გარემოში, სადაც იკრიბებიან პარტიები, იქ „ნაციონალური მოძრაობაც“ არის. ამ საკითხზე ორივე მხარემ იცის, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა და ასეც დარჩება, მაგრამ არის თემები, რომელზედაც არის საერთო პოზიცია, ამიტომ, საჯაროდ რა განცხადებებსაც აკეთებენ პარტიები ეს ერთია, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთი ბლოკის ან ერთ პარტიად ჩამოყალიბება არ გამოვა და ამაზე ძალისხმევის დახარჯვა არ ღირს, საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ იყოს ერთიანი სამოქმედო პლატფორმა, რომელიც მთავარი მოთხოვნების ირგვლივ გააერთიანებს ყველას, არა მხოლოდ პარტიებს, პირველ რიგში, ვინც ქუჩაში დგას ამდენი დღეა და ვინც ითხოვს ახალ არჩევნებსა და მძევლების გათავისუფლებას.
რამდენიმე დედაქალაქში იგეგმება ერთობლივი ვიზიტი (სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების). ეს ფორმატი მიმართულია იქითკენ, რომ რამდენიმე ერთობლივი ვიზიტი დაიგეგმოს სხვადასხვა ქვეყანაში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ ერთიანი პოზიცია იმ ძირითად მოთხოვნებში და ხედავდნენ ძლიერ პლატფორმას, ბირთვს, პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც პრეზიდენტი და პარტიები ახმოვანებენ ხალხის მოთხოვნას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
