ბიჭვინთის “სახელმწიფო” აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი აფხაზეთში 28 დეკემბერს განიხილება

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ რუსეთ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. ამის შესახებ ოპოზიციური ტელეგრამ-არხი RESPUBLICA იტყობინება.
მანამდე „ნუჟნაია გაზეტა“ წერდა, რომ დოკუმენტი შესაძლოა ახალ წლამდე დამტკიცდეს: „ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება დაბრუნდა პარლამენტში. აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ლობირებს ახალი წლის წინ შეთანხმების მიღებას“.
ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ შეცვალა კოორდინატები და გაგზავნა ახალი დოკუმენტი.
ბჟანიამ ასევე გამართა შეხვედრა ახალგაზრდული მოძრაობა „HARAҲPITSUNDA“-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას.
შეხვედრის შემდეგ აქტივისტებმა ისაუბრეს ასლან ბჟანიას პოზიციაზე აგარაკის საკითხთან დაკავშირებით: „მისი აზრია, რომ აგარაკი, რა თქმა უნდა, მადლიერების ნიშნად უნდა გადასცეს, რადგან აფხაზეთი დამოკიდებული ქვეყანაა და ბევრი არაფერი შეუძლია თავისთავად. ხოლო ჩვენ უკვე საკმარისი გავაკეთეთ საერთაშორისო აღიარებისთვის“.
სექტემბერში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „საკითხის განხილვის საინფორმაციო მხარდაჭერამ“ დააზარალა აფხაზურ-რუსული დიალოგი. რუსეთი კი, მისი თქმით, არის „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი“. „თუ რუსეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, – აღნიშნა არძინბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ