უნგრეთი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია, არ გაგვკვირვებოდა, ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ხელი დააკლო ოპოზიციამ – გამონაკლისები იქნება, ვინაიდან სრულ იზოლაციაში ვერ მოაქცევ ყველა სტრუქტურას, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს პირველი პირი ხელჩამოურთმეველია და მიუღებელია ევროპის ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რუმინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუმინეთის პარლამენტში ბევრი სხვადასხვა ფრაქციაა, ამიტომ, „ქართული ოცნების“ ვიზიტში განსაკუთრებული არაფერია, რადგან რეალურად, „ხელისუფლება იზოლირებულია“.
„ზოგადად, იმდენად არის „ქართული ოცნება“ იზოლირებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ მსგავს ვიზიტი სენსაციად აღიქმება, როგორ მოხდა, რომ ევროკავშირის ქვეყანაში შეუშვეს. ალბათ, ჩვეულებრივი პასპორტებით შევიდნენ, შეიპარნენ, რადგან მათზე დიპლომატიური პასპორტები არ მოქმედებს. არის და იქნება ყოველთვის გამონაკლისები, ვინაიდან სრულ იზოლაციაში ვერ მოაქცევ ყველა სტრუქტურას. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი აღმასრულებელი ხელისუფლება, სახელმწიფოს პირველი პირი პრემიერ-მინისტრი ხელჩამოურთმეველია და მიუღებელია ევროპის ქვეყნებისთვის. ევროპის გარკვეულ ქვეყნებში შესვლაც კი ეკრძალება, ეს სამარცხვინო ფაქტია. პარლამენტში [რუმინეთში] უამრავი სხვადასხვა ფრაქციაა, მათ შორის ოპოზიცია. არიან ქვეყნები, გერმანიაშიც კი პუტინისტური ფრაქციებია ბუნდესტაგში. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში არიან ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც შესაძლებელია ვიღაც მიიწვიონ და ეს არც პირველი და არც უკანასკნელი არ იქნება, თუმცა სჯობდა, ეს არ მომხდარიყო. მაგრამ რუმინეთი არაა უნგრეთი, რომელმაც გუშინ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა. ორბანი პუტინის გოშიაა, ეს ევროპელი ქაჯი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძემ ოპოზიციის ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამოცანა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისეთი სანქციების დაწესება უნდა იყოს, რომელიც არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ რუსული ძალაუფლების საქართველოში განმტკიცებასთან და რომლიდანაც „ვერასდროს ამოვა“.
„ოპოზიციის როლი სწორედ ისაა, რომ საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავებაზე იმუშაოს. კონგრესში მეგობარი აქტის და მეორე აქტის მიღების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება, რუსეთ-უკრაინას შორის შეიძლება დროებითი მშვიდობა დამყარდეს – თუმცა ტრამპის საგარეო ინიციატივებზე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუმცა, თუ სამშვიდობო პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, მას სანქციების შერბილებაც მოჰყვება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხდეს ისეთი სანქციების ქვეშ, რომელიც არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ რუსული ძალაუფლების საქართველოში განმტკიცებასთან. ასეთია „მაგნიტსკის აქტი“. ისეთ სანქციებში უნდა მოჰყვეს, საიდანაც ვერასდროს ამოვა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება კრიტიკას ოპოზიციის გაერთიანებისა თუ კოორდინაციის საკითხებზე, როგორც გოცირიძე აცხადებს, ეს სიტყვები რეალურად ერთი და იგივე შინაარსის მატარებელია და ამ თემაზე საუბარი არასერიოზულია.
„არასერიოზულია სემანტიკურ თემებზე საუბარი. გაერთიანება თუ კოორდინაცია?! გაერთიანება რომ არ მოხდება და ოპოზიცია ერთ პარტიად არ გადაიქცევა, ეს ნათელია. ამიტომ, გაერთიანებული ბრძოლაც და ამ პროცესში კოორდინაციაც ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი სიტყვებია. ამიტომ, ვინც კოორდინაციას იტყვის, ის გაერთიანების მოწინააღმდეგეა და ვინც გაერთიანებას იტყვის, ის პარტიების შერწყმის მომხრეა, ასე არაა. მაგრამ ყოველთვის ჩნდება საბაბი, თავდასხმებისა და ურთიერთკრიტიკის და ამ შემთხვევაში ეს გაერთიანება და კოორდინაცია გაღიზიანების გამოვლენის თემა გახდა“,- განაცხად რომან გოცირიძემ.
მან ასევე ისაუბრა წერილზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროპელ ლიდერებს გაეგზავნათ და აღნიშნა, რომ პროტესტს საგარეო საინფორმაციო ველზე გადატანა სჭირდება და წერილიც სწორედ ამას ემსახურება.
„პროტესტი საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს. პროტესტი არის ის, რაც აცოცხლებს ამ საკითხს და ამას სჭირდება უკვე გადატანა საგარეო საინფორმაციო ველზე, მათ შორის პოლიტიკურ ველზე. სწორედ ამას ემსახურებოდა წერილი, რომლითაც ოპოზიციამ მიმართა ევროკავშირს. ეს არ არის საყვედურის წერილი. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ საქართველოში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, მყარდება ავტორიტარული რეჟიმი. საშინელ კანონებს იღებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გარდა ამისა, რომან გოცირიძემ ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტზე და ამის თაობაზე მაკა ბოჭორიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის პორტის არა გეოპოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. გოცირიძე აღნიშნულ განცხადებას „ბრიყვულს“ უწოდებს. მისი თქმით, ანაკლიის პორტი, რა თქმა უნდა, არის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის“. გოცირიძის განცხადებითვე, რაც ანაკლიის ირგვლივ ხდება, დღემდე გაურკვეველია.
„ბრიყვული განცხადებაა. მაკა ბოჭორიშვილი რომ საუბრობს, მგონი, ანაკლია ნანახიც არ აქვს, არც კი იცის, სად არის. ეს განცხადება არის ის, რაც დაავალა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დოქტრინის ნაწილი, რომ რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებს. დღეს ამ პორტის აშენება ჩინელების მიერ, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია. სად დასავლური და ამერიკული ინვესტიციებით აშენებული პორტი და სად ჩინელების მიერ აშენებული. ოღონდ, ესეც არ ვიცი. ჩინელების აშენებული პორტით ისარგებლებს რუსეთი და მის პოლიტიკურ ინტერესებს გაატარებს აქ თუ საერთოდ, ამ პორტის ჩაძირვის ერთ-ერთი მექანიზმია. როდესაც ამას პარლამენტში ვიხილავდით და გამოცხადდა, რომ ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, ასეთი ეჭვიც კი გაგვიჩნდა. ეს ეჭვი მართლდება. გავიდა წელიწადზე მეტი. სადაც არიან ჩინელები? არავითარი ინვესტორი არ შემოსულა. შესაძლებელია, რომ ეს ჩინური თემაც კი შემოგდებული ყოფილიყო, ვინაიდან ჩინელებსაც არ აქვთ ხელმოწერილი. საოცარი განცხადება გააკეთა ერთი თვის წინ ეკონომიკის მინისტრმა, დამატებით ინვესტორს ვეძებთ, რომელიც ჩინელებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ანაკლიის პორტის მშენებლობაშია. საოცარია ეს იმიტომ, რომ ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვაო. ჯერ ბლეფი დადგეს, ვითომ შვეიცარიული კომპანიაც მონაწილეობდა და არავითარი მსგავსი არ არსებობდა“,- განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხში ლუკა ეხვაიას დანიშვნას და მის პოზიციას 3+3 ფორმატზე და აღნიშნა, რომ ეს „არსებითად დანაშაულებრივი განცხადებაა და რუსეთისადმია მიმართული“.
„ეს არსებითად დანაშაულებრივი განცხადება, მოღალატის განცხადებაა. სამშობლოს ღალატია, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გაქვთ, რაღაც ფორმატში იღებ მონაწილეობას. ისეთ ფორმატში, სადაც არ არიან დასავლელი პარტნიორები და პირისპირ რჩები მტერთან ერთად. არაა შემთხვევითი, რომ ეს განცხადებები ლავროვის განცხადებებს დაემთხვა, სადაც თბილად მოიხსენია რაღაც სკამი, ეს ქართველების სკამია და გელოდებით, ჩვენ ერთნი ვართო“,- განაცხადა გოცირიძემ.
