საქართველო, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, იმ ტრენდზე და დადებით ტალღაზეა, რასაც მსოფლიოში ვხედავთ და ველოდებით. ამის შესახებ SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ “საქმიანი დილას” რუბრიკაში “ბიზნესი 360 გრადუსით” განაცხადა, სადაც ღვინის ინდუსტრია მიმოიხილა.
მისი თქმით, გლობალურად საინტერესო ტრენდებია ღვინის ვაჭრობის თუ წარმოების მიმართულებით. უფრო დეტალურად:
ღვინის წარმოება – მსოფლიოში 2024 წელს 231 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოეს. 2023 წელი რეკორდულად ცუდი იყო მოსავლიანობით, ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნებში კლიმატური პირობების და მწერების მიერ დაზიანების გამო. მწარმოებლურობა 2024 წელს ბოლომდე აღდგენილი არცაა, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი წარმადობა აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, 2024 კარგი წელია. წინასწარი შეფასებებით, საქართველოს მწარმოებლურობა 27%-ით არის გაზრდილი.
ღვინის მოხმარების კუთხით ასეთი ტრენდია მსოფლიოში: გასულ წელს მოხმარებამ 221 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა. თუმცა ბოლო სამი წლის მოხმარების ტრენდი ოდნავ კლებადია. თუ ერთი ადამიანი საშუალოდ 3.3 ლიტრ ღვინოს მიირთმევდა წლის განმავლობაში, ეს მონაცემი 2.8 ლიტრამდეა შემცირებული და პროგნოზი გვიჩვენებს, რომ შეიძლება კიდევ 2.5 ლიტრამდე შემცირდეს. აქ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჯანსაღი ცხოვრების ტრენდია, ახალგაზრდა თაობის მიერ გლობალურად ჯერჯერობით ღვინო იმ დონეზე ატაცებული არაა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის ჭრილში არის მოხმარების ზრდა.
გლობალური ტრენდი დადებითია ვაჭრობის ნაწილში. საქართველოს მახლობლად ვხვდებით ქვეყნებს, რომლებიც სატარიფო ბადეს და პირობებს აუმჯობესებენ იმპორტირებულ ღვინოსთან მიმართებით. კარგი მაგალითია უზბეკეთი, სადაც იანვრიდან იმპორტირებულ ღვინოზე აქციზი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დამატებით შესაძლებლობებს უხსნის ქართველ მწარმოებლებს.
რაც შეეხება საქართველოში ღვინის ინდუსტრიას, 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოში ღვინის ინდუსტრია სტაბილურად მზარდი იყო. დღეს, ღვინო 271 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო დარგია და მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოს საექსპორტო კალათაში. ძალიან ბევრ ადამიანს მოიცავს, რადგან ღვინო პირველად წარმოებაზე, ყურძენზეც არის დამოკიდებული, ბევრი ფერმერი თუ მცირე წარმოება იღებს სარგებელს ღირებულებათა ჯაჭვში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდია, რომ საქართველოს ღვინის ექსპორტში 71.3% წითელ ღვინოზე მოდის, 26.3% კი თეთრ ღვინოზე, თუმცა წითელი ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე იკლებს. ზუსტად მსოფლიო ტრენდიც ესაა, რომ მოხმარება წითელი ღვინიდან გადადის თეთრზე, ვარდისფერზე ან ისეთ ნიშურ პროდუქტზე, როგორიც მაგალითად ქართული ქვევრის ღვინოა. ამ კუთხით საქართველო, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა იმ ტრენდზე და დადებით ტალღაზეა, რასაც მსოფლიოში ვხედავთ და ველოდებით.
