ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გარდა, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც ადასტურებს მათ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში, როცა უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც არ ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერას.
“ევროკავშირი ინარჩუნებს თავის მიდგომას “მშვიდობა ძალის მეშვეობით”, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მაქსიმალურად ძლიერ პოზიციას საკუთარი სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობებით.
ამ მიდგომის შესაბამისად, “ევროკავშირი რჩება უკრაინისა და მისი ხალხის სრული, შემდგომი მხარდაჭერის ერთგული, რადგან ის, რუსეთის აგრესიული ომის პირობებში, იყენებს თავდაცვის განუყოფელ უფლებას”, – ნათქვამია ბრიუსელის სამიტის მონაწილეების ერთობლივ განცხადებაში.
ტექსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ არსებობს შემდგომი სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მზადყოფნა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, გაყინული რუსული აქტივების შენარჩუნების საჭიროება, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს “აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აუნაზღაურებს მას ამ ომით მიყენებულ ზარალს”.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს მოუწოდა ევროკავშირის მოკავშირეებს, დაამტკიცონ არტილერიის შესყიდვისთვის სულ მცირე, 5 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი და ასევე, განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე.
სამიტზე ვიდეო კავშირით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს უბრალოდ ევროპის წინააღმდეგ არის“, როცა ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის. იგი ვიქტორ ორბანს გულისხმობდა.
ითვლება, რომ ევროკავშირის ყველა პოლიტიკოსს შორის, ვიქტორ ორბანი ყველაზე ახლოს არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ფორუმი