2024 წლის 1-ელი იანვრიდან, გარკვეულ საათებში, თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. პარლამენტმა აღნიშნულ კანონს მხარი უკვე დაუჭირა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.
“აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში”, – აღნიშნა მ.
მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.
ამასთან, მერის თქმით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
“რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე”, – თქვა კალაძემ.
აღნიშნული წესების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე მძღოლი 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდენა, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარის ოდენობით.