უკრაინაზე NATO-ს მეხუთე მუხლის გავრცელება გამოააშკარავებს რუსეთის შესაძლო ბლეფს, თუ კვლავ არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში შეჭრას, გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები – ჯორჯია მელონი
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტური წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.
„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღნიშნა მელონიმ.
მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.
„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
