„სექტორი გამოწვევების წინაშეა, რის გამოც სამკერვალოების ნაწილს საქმიანობის შეჩერება უწევს“ – დავით ბიძინაშვილი

ქვეყანაში სამკერვალოები იხურება. საქართველოს ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რის გამოც საწარმოების ნაწილს საქმიანობის შეჩერება უწევს. ამ ფონზე, ქვეყნიდან შემცირებულია ტანსაცმლის ექსპორტიც.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ბიძინაშვილმა განუცხადა, ის რომ ქვეყნიდან უცხოურ ბაზრებზე სულ უფრო შემცირებული რაოდენობით ტანსაცმელი გადის, ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებიც. მაგალითისთვის, 2024 წელს ექსპორტზე ჯამურად 160 მლნ დოლარის ღირებულების, სხვადასხვა სახეობის ტანსაცმელი გავიდა. მაშინ, როდესაც 2022 წელს ექსპორტი – 165 მილიონდოლარს აღემატებოდა.
ექსპორტი შემცირებულია მიმდინარე წლის პირველი თვეების მონაცემებითაც. კერძოდ, 2025 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 9,7 მლნ დოლარის ნაწარმი გავიდა, მაშინ როცა წინა წლის იმავე პერიოდში ექსპორტი 12 მლნ დოლარს აღემატებოდა.
დავით ბიძინაშვილის განმარტებით, ტანსაცმლის ექსპორტის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივად – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. მისივე თქმით, ნებისმიერი სახის დაძაბულობა, გავლენას ახდენს სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებზე, რამაც საბოლოო ჯამში შეამცირა დაკვეთები უცხო ქვეყნებიდან, რაც ავტომატურად აისახა ექსპორტის მაჩვენებლებზე.
საქართველოს ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს იმასაც, რომ უცხოელი დამკვეთები საქართველოს იაფიან ბაზრად განიხილავენ.
„ანუ, უცხოელი ინვესტორი რომ შემოდის, დაინტერესებულია, რომ მუშახელი რაც შეიძლება დაბალ ანაზღაურებაზე ამუშაოს, რაც ადგილობრივი დასაქმებულებისთვის მისაღები არაა და შედეგად, მხარეებს შორის თანამშრომლობა ვერ დგება“, – განმარტა დავით ბიძინაშვილმა.
რაც შეეხება სხვა მიზეზებს, რის გამოც, ტექსტილის საწარმოებს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება უჭირთ – სექტორის წარმომადგენლები მთავარ გამოწვევად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარგს გარკვეული ხელშეწყობა და შეღავათები სჭირდება. მათ შორის, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ტენდერების საკითხზე. დავით ბიძინაშვილის ინფორმაციით, ტენდერებს უმეტესად ის კომპანიები იგებენ, რომელთაც თავად წარმოება საერთოდ არ აქვთ და ტანსაცმლის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან ახდენენ.
გამოწვევად სახელდება კვალიფიციური კადრების დეფიციტიც. ისევე როგორც სხვა ბიზნესსექტორებში, ტექსტილის ინდუსტრიაშიც ამბობენ, რომ ამ დარგში ანაზღაურებები დედაქალაქში შედარებით მაღალია, რეგიონებში კი ძალიან დაბალი, რის გამოც კადრების მოძიება სულ უფრო მეტად უჭირთ. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ქვეყანაში ტანსაცმლის წარმოების განვითარებას აფერხებს – მოსახლეობის დაბალ მსყიდველუნარიანობაა, რის გამოც, საზოგადოების დიდი ნაწილი მეორეულ სამოსს ყიდულობს.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო 2 წელში ქვეყანაში რამდენიმე სამკერვალომ მუშაობა სრულად შეაჩერა, ნაწილი კი – მცირე დატვირთვით მუშაობს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ექსპორტის კლების პარალელურად, წლიდან წლამდე მზარდია საქართველოში ტანსაცმლის იმპორტი. პირობითად, თუ 2020 წელს ის ღირებულებაში 136 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს – 402 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მეტი ღირებულების ტანსაცმელი თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოვიდა.
bp.ge