უნგრეთის პარლამენტმა მოიწონა ყოველწლიური ლგბტ პრაიდის ამკრძალავი კანონპროექტი

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ყოველწლიურ ლგბტ პრაიდს ბუდაპეშტში, იუწყება თავისუფლების უნგრული სამსახური. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, 27 წინააღმდეგი იყო.
კენჭისყრამდე ოპოზიციური პარტიის, „მოძრაობა მომენტუმის“ წარმომადგენლებმა პლენარული დარბაზი აავსეს ფერადი კვამლის ღრუბლებით, საბჭოთა ჰიმნს უკრავდნენ და დარბაზში მიმოფანტეს ფოტოები, რომლებზეც გამოსახული იყო, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
კანონპროექტი ორშაბათს წარადგინა მმართველმა კოალიციამ. მას ცვლილებები შეაქვს უნგრეთის კანონში საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ და კრძალავს ისეთი ღონისძიებების ჩატარებას ან მათზე დასწრებას, რომლებიც არღვევს „ბავშვთა დაცვის“ აქტს. ხელისუფლება ასევე შეძლებს ამ ღონისძიებებში მონაწილეთა ვინაობის დადგენას სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებით. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა.
ვიქტორ ორბანის მთავრობამ „ბავშვთა დაცვის“ აქტი 2021 წელს მიიღო. საუბარია სახელმწიფო დონეზე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე და, კერძოდ, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების პრევენციაზე.
ბევრმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის Amnesty International-მა, ეს ქმედება დისკრიმინაციულად მიიჩნია. „ეს კანონი ქმნის შიშის ღრუბელს და ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. შიში ხელს უშლის ადამიანებს, მოიძიონ და მიიღონ ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ. ის ასევე ხელს უწყობს ნეგატიური სტერეოტიპების შექმნას და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას“, – თქვა ესტერ მიჰალიმ, Amnesty International-ის უნგრეთის წარმომადგენელმა ლგბტ+ უფლებების საკითხებში.