თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტ თემურ ქათამაძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად თემურ ქათამაძეც ესწრება.
როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მიგრაციის დეპარტამენტისა და კლინიკა “ვივამედის” მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მისვე განმარტებით, აღნიშნულისთვის დამატებითი დოკუმენტაციის შესაგროვებლად დრო სჭირდება, რის გამოც, სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა.
„ჩემ მიერ წარდგენილ ხელწერილში მოყოლილი მქონდა, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ ჩემ მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, ჩემი მოთხოვნების მიზანმიმართულად დროულად არშესრულებაზე და გაწელვაზე, ჩემი ფუნდამენტური უფლებების დროულად გამოყენების შეზღუდვაზე. მინდა დამატებით გაგაცნოთ, რომ ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, 4 მარტს სამკურნალოდ გადამიყვანეს კლინიკა “ვივამედში”, სადაც მიგრაციის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სკანდალური სპეცოპერაცია კლინიკა “ვივამედის” ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ერთად შეეცადა, ჩემი კუჭის, ორგანოების დაზიანებით განზრახ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით. ეს ჩემნაირი, 48 დღიანი მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო.
5 მარტს, ღამე მე “ვივამედის” ჯოჯოხეთი დამანახეს, ჩემი სიცოცხლე უფლის მეშვეობით გადარჩა. ორმხრივი, ანუ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და “ვივამედის” მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხით,ზეწოლის შედეგად ჩემი ნებისყოფა გატყდა და მოიპოვეს მათზე სრული დამორჩილება. ამის საფუძველზე იძულებით, ჩემი კვებითი აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა “ვივამედში” და დავბრუნდი უკან, მიგრაციაში. კლინიკიდან მიგრაციაში წამოვიღე ხუთი კვების კონტეინერი, რომელიც ჩემ ოთახში, შემდეგი პროცესებისთვის მტკიცებულების სახით არის განთავსებული”, – განაცხადა ქათამაძემ.
მისი თქმით, კლინიკაში მისი „სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების გამო” გამოძიების მოთხოვნით მან 17 მარტს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რითაც მის მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მოითხოვა.
ამასთან აღნიშნა, რომ მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოდან მის გაძევებას პოლიტიკური ნიშნით ცდილობს.
სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს შსს-ს სასაზღვრო მიგრაციის დეპარტამენტი, რომლის წარმომადგენელმაც ქათამაძის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ სხდომა არ უნდა გადაუდოს.
ქათამაძის უფლებებს საია იცავს. ადვოკატ მარიამ გაბროშვილის განმარტებით, თემურ ქათამაძისთვის საქართველოდან თურქეთში წასვლა საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც, ის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მისი თქმით, ამას ქათამაძე წლების განმავლობაში ითხოვდა და შესაბამის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა, თუმცა ამის მიუხედავად, სახელმწიფომ მას უარი სამჯერ უთხრა. ადვოკატის განმარტებით, ქათამაძემ საკუთარი პოზიციების საჯარო დაფიქსირება უარის მიღების შემდგომ დაიწყო, რადგანაც თვლიდა, რომ თავშესაფრის მოთხოვნაზე სახელმწიფოსგან უარი დაუსაბუთებლად მიიღო.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
