ისრაელმა განაახლა ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმები.
„ეს მოჰყვა ჰამასის განმეორებით უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფისა და შუამავლებისგან“, — ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ისრაელი აცხადებს, რომ ამიერიდან იმოქმედებს „მზარდი სამხედრო ძალით“ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ.
ჰამასის კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიაიერიშს სულ მცირე 330 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები.
ჰამასი ადანაშაულებს ისრაელს „დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობაზე“ თავდასხმაში და ამბობს, რომ შუამავლებმა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამო სრული პასუხისმგებლობა ისრაელს უნდა დააკისრონ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მოკლულია ჰამასის მთავრობის ოთხი წარმომადგენელი.
ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში ჯერ კიდევ 59 მძევალია, რომელთაგან 24-მდე ცოცხალია. ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის „არაპროვოცირებულმა ესკალაციამ“ მძევლების ბედი საფრთხის ქვეშ დააყენა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა თქვა, რომ „შოკირებულია“ თავდასხმებით და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.
ეს არის საჰაერო თავდასხმების ყველაზე დიდი ტალღა 19 იანვრის შემდეგ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში.
ორი დღის წინ დოჰაში მოლაპარაკებებმა, რომელიც 72 საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ეგვიპტის, კატარისა და აშშ-ის მაღალი დონის ოფიციალური პირები, ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.
აშშ-ის მხარდაჭერილ მოლაპარაკებებში ისრაელი ითხოვდა მძევლების დაბრუნებას გრძელვადიანი ზავის და ღაზაში საერთაშორისო დახმარების დაბრუნების სანაცვლოდ.
ჰამასი მოითხოვდა მოლაპარაკებებს ომის სამუდამოდ დასრულებაზე და ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ჰქონდა აშშ-თან კონსულტაციები ბოლო თავდასხმების შესახებ და ახალი შეთანხმების ნაცვლად, ჰამასმა აირჩია „უარი და ომი“.
