თაკო გაჩეჩილაძე 42 წლის გახდა: უცხოელი ქმარი, დედის ამპლუა და ამბები ეკრანს მიღმა – Marao

თაკო გაჩეჩილაძე 17 მარტს იუბილარი იყო – მომღერალმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
“გილოცავ, დაო. მალე მენახე გრემით ხელში” – წერს ნინო გაჩეჩილაძე და დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
თაკო გაჩეჩილაძე 1983 წლის 17 მარტს დაიბადა. გუნდში სიმღერა 7 წლის ასაკიდან დაიწყო. შემდეგ იყო „ბასტი ბუბუ” და სიმღერა „პეპი გრძელი წინდა”, რომლითაც კიკინებიანმა გოგომ ყველას თავი დაამახსოვრა და ასე მოვიდა ბავშვობიდან პოპულარობა.
მიღებული აქვს უამრავი გრან-პრი და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა.
“ზოგადად, ტრადიციების მიმდევარი და პატრიოტი ადამიანი ვარ. ყოველთვის საზღვარგარეთ ცხოვრება მინდოდა – და ეს ოცნებაც ამიხდა. ცოლად გავყევი უცხოელს და ვენაში აღმოვჩნდი. ვენა ულამაზესი ქალაქია, თავისი კულტურით, მუზეუმებით…
მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მენატრებოდა საკუთარი ოჯახი, დედა, მამა, და, მეგობრები, ძალიან მენატრებოდა თბილისი. პირველ რიგში, თბილისის ანძა. რადგან ანძა არის ჩემი სახლის სიმბოლო. როცა საშუალება მაქვს, სულ მოვდივარ თბილისში. თბილისის ანძას დავინახავ თუ არა, სასწაული გრძნობა მეუფლება – მგონია, რომ დაცული ვარ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება არ მინდა” – ამბობს თაკო გაჩეჩილაძე.
ევროვიზიის კონკურსის დროს მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გაიცნო. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ. თაკომ გვარიც შეიცვალა, ის ქმრის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა.
„მას შემდეგ, რაც გავხდი დედა, ყველაფერი შეიცვალა. პიროვნულად შევიცვალე. ადრე ვიყავი ბევრად უფრო მკაცრი, ვიღაცისთვის ცივი, უფრო პირდაპირი. ბევრი მინუსი მქონდა, უფრო ეგოისტიც, თავისთავად. ახლა უფრო შემეცვალა ხასიათი, გავხდი უფრო დამთმობი, ბევრ რამეს, რასაც წყობიდან გამოვყავდი, ახლა მესმის, უფრო მეტად შევდივარ ხალხის მდგომარეობაში. ვგრძნობ, რომ შინაგანად უფრო დავთბი…“ – ამბობდა თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.