აქ, ამ დარბაზში ერთადერთი სიმართლე არსებობს და ამ სიმართლეს ვამბობ მე! და თუ თქვენ დამტკიცება გინდათ, რომ ვიტყუები, ან ცრუ ჩვენებას ვიძლევი, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, ამის გამოძიება და დამატებითი ბრალის წაყენება შეგეძლოთ, – ამის შესახებ ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას მტკიცებულებების მოპოვებისა და საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება არ ეძლევა.
„პირველ რიგში, მინდა შმაგის [შმაგი გობეჯიშვილი, პროკურორი] მივულოცო, გავიგე ბალტიის ზღვაზე მიდის დასასვენებლად…
რაც შეეხება საქმეს, როგორც მე საპროცესო კოდექსში წავიკითხე, ამხანაგ გობეჯიშვილს უფლება-მოვალეობა აქვს, რომ კონკრეტული საქმე სრული სიმართლით გამოიძიოს. მაშინ, როდესაც მე პირველივე პროცესზე ვახსენე, რომ მოხდა კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, სამსახურებრივი მდგომარეობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ჩემს ჯიბეში კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების მოთავსება, წიგნი არ შემომატანინეს და მან ჩემზე უკეთესად იცის, რომ „საპროცესო კოდექსით“ მას ევალება, როგორც კი მის გასაგონად მე ეს გავაჟღერე, გამოძიება დაეწყო. რა თქმა უნდა, ეს არ დაუწყია. კითხვა მაქვს გობეჯიშვილთან: – „მაგნიტსკის სიას“ აღიარებთ? დიახ, საქმესთან ახლოსაა. პასუხის გაცემა უჭირს, როგორც ჩანს, აღიარებს.
ვერტიკალურად მართვადი სისტემა, როგორიც არის შსს, მისი ხელმძღვანელიც და მოადგილეც არის „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანილი. როცა აქ ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის ჯიბეში მოათავსეს უკანონო ნივთიერება, თქვენ საფუძვლიანი ეჭვის მიღმაც უნდა გაგიჩნდეთ იმის სურვილი და მოტივაცია, რომ მე რაზეც ვსაუბრობდი, გამოგეძიებინათ. რა ინფორმაციას მიიღებდით ამით? – „112-ის“ კამერები, რომლებიც ჩვენ არ მოგვცეს, დაადგენდა და იმ კონკრეტული ავტომანქანების იდენტიფიცირებას მოახდენდა, რომელიც იქ იყო ჩემი დაკავებისას. ასევე, დაადგენდა პოლიციელების რაოდენობას. ამის შემდეგ შეგვეძლებოდა იმ კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირება, რომელიც საქმიდან გამქრალები არიან, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი. ერთ-ერთზე მგონია, რომ პირდაპირ მან ჩამიდო [ნივთიერება]. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავადგენდით რომელი საპატრულო ეკიპაჟი იყო ჩემთან მოსული, იმ საპატრულო ეკიპაჟის ოფიცერს ჩემს პირადობის მოწმობაზეც ჰქონდა ხელი მოკიდებული, სადაც დატოვა როგორც თავისი თითის ანაბეჭდი, ასევე დნმ-ის კვალი. ამას გარდა, იმ რაღაც ნივთებზე, რომელიც ჯიბეში მომითავსეთ, სანამ ჩემამდე მოვიდოდა აუცილებლად ექნებოდა ხელი მოკიდებული რომელიმეს, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა. მათ შორის, შეიძლებოდა მათი დნმ-ის ნიმუშების აღება და შედარება იმ დნმ-ზე, რომელზეც ექსპერტი ამბობს, რომ არ არის ინფორმატიული, თანხვედრაში ვერ მოდის ჩემს დნმ-თან, ანუ სხვა დნმ-ია. მე თუ მექნებოდა საშუალება დამეიდენტიფიცირებინა პირები, რომლებსაც პოტენციურად ეს ნივთები ეჭირათ ხელში, თითს დავადებდი ვის ხელში იყო ეს ნივთები, რომლებიც ჩემს ჯიბეში მოათავსეს. არც თქვენ მოინდომეთ ამის გამოძიება. გამოძიება დაიწყეთ იმაზე, რაც საჯაროდ განგიცხადეთ რომ კანონი დაირღვა? ეს ხომ გევალებათ? „საპროცესო კოდექსი“ გუშინ წავიკითხე, ვიმეცადინე. თქვენც რომ იმეცადინოთ არ გაწყენდათ. კოდექსში წერია, რომ თანაბარი გამოძიების უფლებები გვაქვს. ერთადერთი განსხვავებით თქვენ შეგიძლიათ მოსამართლის გარეშე მოიპოვოთ გარკვეული მტკიცებულებები, „112“ არ მოგცემთ? და ჩვენ ამის უფლება არ მოგვცეს, მაშინ, როცა კოდექსში წერია, რომ თანასწორად შეგვიძლია მოვიპოვოთ მტკიცებულებები.
აქ ამ დარბაზში ერთადერთი სიმართლე არსებობს და ამ სიმართლეს ვამბობ მე! და თუ თქვენ დამტკიცება გინდათ, რომ ვიტყუები, ან ცრუ ჩვენებას ვიძლევი, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, ამის გამოძიება და დამატებითი ბრალის წაყენება შეგეძლოთ. მაგრამ ეს არ შეგიძლიათ იმიტომ, რომ ყველა ნაბიჯზე იმ ხალხს, ვინც ეს საქმე თქვენამდე მოიტანა, შეცდომები აქვთ დაშვებული, რომლის აღმოჩენის და იდენტიფიცირების, ასევე სასამართლოზე წარმოდგენის უფლება არ მომეცით“,- განაცხადა ახობაძემ.
სასამართლო პროცესზე ბრალდებული პროკურორს მიმართავდა წინადადებით, “ამხანაგი გობეჯიშვილი”, რაზეც მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა და მიუთითა, რომ წესიერად ელაპარაკა და ნუ გამოიყენებდა მიმართვა “ამხანაგს”. მოსამართლის განმარტებით, თუ ბრალდებული გააგრძელებს ამგვარ საუბარს, შესაძლოა ის შემდეგ სხდომებს ვერ დაესწროს.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
